Sunday, July 21, 2013

ვაცლავ ჰაველის საჯარო გამოსვლა ჰარვარდის უნივერსიტეტში

„პატივი უნდა ვცეთ უზენაეს ფასეულობებს: სამყაროს, დედამიწას, ბუნებას, სიცოცხლეს და რეალობას“


 ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ, 1995 წლის         12 მაისი
ვაცლავ ჰაველი ამას წინათ ზღვისპირა რესტორანში ვიჯექი, ღია ცის ქვეშ.  ჩემი სკამი თითქმის ისეთივე იყო, როგორებიც მინახავს პრაღის რესტორნებში მდინარე ვლტავის ნაპირას. უკრავდნენ ისეთსავე როკმუსიკას, როგორსაც უკრავენ  ჩეხეთის რესტორნებში. ვხედავდი რეკლამებს, რომლებიც ჩემს სამშობლოშიც მინახავს. გარს მეხვივნენ ახალგაზრდები, რომლებიც სვამდნენ და ისევე ლაღად იქცეოდნენ, როგორც - მათი თანატოლები პრაღაში. ერთადერთი, რაც მათ განასხვავებდა, იყო სახეები, რადგან ამჯერად სინგაპურში ვიმყოფებოდი. ფიქრებმა გამიტაცა და კვლავ  - მერამდენეჯერ - ჩავწვდი ბანალურ ჭეშმარიტებას: ჩვენ ვცხოვრობთ ერთ გლობალურ ცივილიზაციაში. ამ ცივილიზაციის იდენტურობას არ განაპირობებს ტანსაცმლის მსგავსება, ან ერთნაირი სასმელი, ან ერთნაირი სარეკლამო მუსიკა მთელ მსოფლიოში, ან თვით საერთაშორისო რეკლამა. მისი არსი უფრო ღრმაა: განუხრელი პროგრესისა და მისთვის დამახასიათებელი ექსპანსიონიზმის, ასევე - მეცნიერების სწრაფი განვითარების შედეგად ჩვენი პლანეტა - პირველად კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში - მოიცვა ერთიანმა ცივილიზაციამ, რომელიც, თავისი არსით, ტექნოლოგიური ხასიათისაა.
ამჟამად მსოფლიო გაბმულია ტელესაკომუნიკაციო კავშირების ქსელში, რომელიც შედგება მილიონობით პაწაწინა ძაფისგან ან კაპილარისგან. ისინი არა მარტო ელვის სისწრაფით გადასცემენ ყოველნაირ ინფორმაციას, არამედ ავრცელებენ კიდეც სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ინტეგრირებულ მოდელებს, სამართლებრივ ნორმებს. მათში "გაედინება" მილიარდობით დოლარიც, რომლებიც უჩინარია იმათთვისაც კი, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ საქმიანობაში.
ადამიანების ცხოვრება დედამიწის ყველა კუთხეში ურთიერთდაკავშირებულია არა მარტო ინფორმაციული, არამედ - მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისითაც. მახსენდება - ისევე, როგორც სინგაპური გამახსენდა,  - რომ სინგაპურის ერთ-ერთი ბანკის კლერკმა გააკოტრა ბანკი დედამიწის სხვა ნაწილში. ჩვენი ცივილიზაციის მიღწევათა წყალობით პრაქტიკულად ყველამ იცის, რა სახის ჩეკები, ობლიგაციები, თამასუქები და აქციები არსებობს.  ჩვენთვის ნაცნობია CNN-ი და ჩერნობილი, ვიცით, ვინ არიან "როლინგ სთოუნის" წევრები, ნელსონ მანდელა ან სალმან რუშდი. მეტსაც გეტყვით: კაპილარები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ცივილიზაცია ამჟამად რადიკალურადაა ინტეგრირებული, უკვე გადასცემენ ინფორმაციას ადამიანთა თანაარსებობის გარკვეული წესების შესახებ, რომელთაც დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება. ასეთებია, მაგალითად, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, ბაზრის კანონები. ამგვარი ინფორმაციული ნაკადები მოიცავს მთელ მსოფლიოს, ფესვს იდგამს სხვადასხვა კუთხეში.
ეს გლობალური ცივილიზაცია ჩაისახა ჩვენს ეპოქაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობენ ევროპული და, საბოლოო ანგარიშში, ევროამერიკული კულტურის ხალხები. ისტორიულად ის განვითარდა კლასიკური, ებრაული და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმის შედეგად. "მივხვდი, რაოდენ პატარაა ეს სამყარო და რამდენი უბედურების თავიდან აცილება შეიძლება, თუ ადამიანები გამოიჩენენ მეტ გაბედულებას, მეტ ოპტიმიზმს, მეტ პასუხისმგებლობას, მეტ ურთიერთგაგებასა და სიყვარულს". ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ის არა მარტო აკავშირებს ერთმანეთთან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ აწვდის კიდეც კოორდინირებულ საშუალებებს გავრცელებულ საშიშროებათაგან თავის დასაცავად. მას, ასევე, შეუძლია უპრეცედენტო მასშტაბით გაგვიადვილოს ცხოვრება და წარმოაჩინოს არნახული შესაძლებლობები საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესამეცნებლად.
და მაინც, ამაში რაღაც არასწორია.
ნება მომეცით, ამ საზეიმო ღონისძიებაზე შევჩერდე იმ თემაზე, რომლის შესახებაც ხშირად ვმსჯელობ ხოლმე მსგავს შემთხვევებში. კერძოდ, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საშიშროების წყაროზე, რომელიც ემუქრება კაცობრიობას, მიუხედავად გლობალური ცივილიზაციისა, ხშირად კი - მისი მიზეზითაც. უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ, რა სახის საშიშროებებს შეიძლება წავაწყდეთ.
ვფიქრობ, ჩვენ წინაშე წამოჭრილი მრავალი პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ გლობალური ცივილიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა ცნობიერების მარტოოდენ სიფრიფანა საბურველი. ეს ცივილიზაცია ძალზე ნორჩია, ახალგაზრდა, სუსტი, და კაცობრიობამ ის თავბრუდამხვევი სისწრაფით გაითავისა, ისე, რომ თვითონ, არსებითად, არ შეცვლილა. კაცობრიობამ თანდათანობით და მრავალფეროვნად ჩამოაყალიბა ჩვენი აზროვნების წესები, დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ქცევის მოდელები და ღირებულებები, რომლებიც უნდა ავითვისოთ და ვაღიაროთ. არსებითად, მსოფლიო ცივილიზაციის ეს ახალი ერთადერთი ეპიდერმისი მხოლოდ ფარავს ან ნიღბავს კულტურების, ხალხების, რელიგიების, ისტორიული ტრადიციებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების უზარმაზარ მრავალფეროვნებას, რომლებიც მან, გარკვეული გაგებით, გადაფარა. თუმცა მსოფლიო ცივილიზაციის ეს საბურველი ფართოვდება, კაცობრიობის ყოფიერების ქვედა შრე, ფარული განზომილება სულ უფრო მეტად საჭიროებს  მის გათვალისწინებას და არსებობის უფლების მინიჭებას. 
ამგვარად, თუმცა მთელი მსოფლიო სულ უფრო მეტად ითვისებს გლობალური ცივილიზაციის ახალ ჩვევებს, მიმდინარეობს მეორე, საპირისპირო პროცესიც - ძველთაძველი ტრადიციების აღორძინება, განსხვავებული რელიგიებისა და კულტურების გამოღვიძება, მათ მიერ ახალი სივრცეების დაპყრობა, სულ უფრო მგზნებარე მცდელობები იმისა, რომ გააზრებულ იქნეს მათი უნიკალური თავისებურებები. საბოლოო ანგარიშში, ისინი მიისწრაფვიან, პოლიტიკური ასპექტში გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალობა.
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენს დროში ყოველი პატარა მინდორიც კი იბრძვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მრავალი ერი ან, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი ებრძვის თანამედროვე ცივილიზაციას ან მის მთავარ მომხრეებს, რათა საშუალება ჰქონდეთ, თაყვანი სცენ თავიანთ ძველთაძველ ღმერთებს და იცხოვრონ უძველესი ღვთაებრივი მცნებების შესაბამისად. ისინი იყენებენ მათთვის საძულველი ცივილიზაციის ყვლა პროდუქტს - რადარებს, კომპიუტერებს, ლაზერებს, ნერვულ-პარალიტიკურ აირებს და, შესაძლოა, მომავალში ბირთვულ იარაღსაც მიმართონ. ამ ტექნოლოგიურ გამოგონებათაგან განსხვავებით, ცივილიზაციის სხვა პროდუქტები, მაგალითად, დემოკრატია ან იდეა ადამიანის უფლებების შესახებ, მიუღებელია მსოფლიოს მრავალ კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან, მათი აზრით, არ შეესაბამება ადგილობრივ ტრადიციებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროამერიკულმა სამყარომ შეაიარაღა დედამიწის სხვადასხვა ნაწილი იმ საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად გაანადგურონ ცივილიზაციის მონაპოვრები. სწორედ მათი წყალობით განხორციელდა ამ საშუალებების გამოგონება, მაგრამ ისინი ხელს უშლიან ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას დედამიწაზე.
რა გამომდინარეობს აქედან?
ჩემი რწმენით, ამგვარი მდგომარეობა საგანგაშოა და ის ეხება არა მარტო ევროამერიკულ სამყაროს, არამედ - მთელ ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციას. შესაბამისად, ამ ცივილიზაციამ უნდა გაიაზროს საკუთარი თავი, როგორც მულტიკულტურულმა და შინაგანად წინააღმდეგობრივმა ცივილიზაციამ, რომელმაც კულტურისა და ცივილიზაციის განსხვავებული სფეროების ინდივიდუალობის განადგურებას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, არამედ უნდა შექმნას პირობები მათი სრული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. ეს მიზანი შესაძლებელი და რეალური გახდება მაშინ, როდესაც ჩამოვაყალიბებთ თანაარსებობის საბაზისო კოდექსს, ერთგვარ საერთო მინიმუმს, რომელიც თანაარსებობის საშუალებას მოგვცემს. მიუხედავად ამისა, ამგვარი კოდექსის შექმნა უნაყოფო იქნება, თუ კაცობრიობის გარკვეული - მცირერიცხოვანი - ნაწილი იძულებით თავს მოახვევს მას სხვებს. ის უნდა იყოს მთელი კაცობრიობის იმ ჭეშმარიტი სულიერი ფესვებიდან ამოზრდილი მისწრაფება, რომლებიც ჩანერგილია ჩვენი საერთო, გლობალური ცივილიზაციის კანქვეშ. თუკი ასეთი კოდექსი, უბრალოდ, გავრცელდება ამ კანის კაპილარების მეშვეობით, კოკა-კოლას მსგავსად - როგორც ერთგვარი შეთავაზება -  ის ვერ შეასრულებს ღრმა ან უნივერსალური საშუალების ფუნქციებს.
მაგრამ შესწევს თუ არა კაცობრიობას ამგვარი ძალისხმევის უნარი? ეს იმთავითვე უსაფუძვლო, უტოპიური იდეა ხომ არაა? იქნებ, ვეღარ განვკარგავთ ჩვენსავე ბედ-იღბალს და განწირულნი ვართ იმისთვის, რომ თანდათანობით ამოვწყდეთ კულტურათა შორის მაღალტექნოლოგიური შეტაკებების შედეგად, იმის გამო, რომ არ შეგვიძლია, ერთობლივად წინ აღვუდგეთ ეკოლოგიურ, სოციალურ თუ დემოგრაფიულ, ან კიდევ - თვით ჩვენი ცივილიზაციის მდგომარეობით განპირობებულ კატასტროფებს?
არ ვიცი.
მაგრამ იმედს არ ვკარგავ. 
იმედს არ ვკარგავ, რადგან სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ კულტურათა უმრავლესობის სიღრმეში შეიმჩნევა არსებითი მსგავსება, ის, რაც შეიძლება იქცეს - თუკი ამის სურვილი გვექნება- ამოსავალ პუნქტად ხალხთა თანაარსებობის ამ ახალი კოდექსისთვის, რომელმაც შეიძლება გაამყაროს ჩვენი ტრადიციების მრავალფეროვნება.
ხომ არ უნდა ვეძიოთ რელიგიებისა და კულტურების საფუძვლებში (თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან) საერთო ელემენტები, მაგალითად, მოწიწება ყოფიერების საიდუმლოსა თუ ზნეობრივი კოდექსის მიმართ; პატივისცემა ჩვენი მეზობლებისა თუ ჩვენი ოჯახის,  ხელისუფლების, ადამიანის ღირსებისა თუ ბუნების მიმართ? სოლიდარობისა და კეთილმოსურნეობის გრძნობა სტუმრების მიმართ, რომლებიც კეთილი ზრახვებით მოდიან ჩვენთან?
იქნებ, ჩვენი განსხვავებული სულიერების (რომელიც, არსებითად, ერთი და იმავე რეალობის სხვადასხვაგვარ აღქმას ემყარება) უძველესი საერთო წარმომავლობა ისაა, რასაც შეუძლია ჭეშმარიტად გააერთიანოს განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლები?
ხომ არ წარმოადგენს ამ არქეტიპული ცნობიერების უძველესი მცნებები იმას, რასაც თვით არარელიგიური ადამიანიც კი ქვეშეცნეულად სრულყოფილებისა და ღირსების გამოხატულებად მიიჩნევს??
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ თანამედროვე ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ უძველეს ღვთაებებს და ააღორძინონ ძველთაძველი, დავიწყებული რიტუალები. სრულიად სხვა რაიმეს გთავაზობთ: უნდა ჩავწვდეთ ღრმა კავშირს თუ ნათესაობას ჩვენი სულიერების განსხვავებულ ფორმებს შორის. უნდა გავიხსენოთ ის თავდაპირველი სულიერი თუ მორალური სუბსტანცია, რომლიდანაც ამოიზარდა კაცობრიობის ძირეული გამოცდილება. ვფიქრობ, ესაა ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ახლებურად, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სამყაროს წინაშე. ამავე დროს, მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ უფრო ღრმა ურთიერთგაგებას კულტურებს შორის, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ერთად შეიმუშაონ თანაარსებობის მართლაც უნივერსალური ახალი წესი მთელი მსოფლიოსთვის.
გლობალური ცივილიზაციის საფარი, რომელშიც გახვეულია თანამედროვე სამყარო და კაცობრიობის ცნობიერება, როგორც ვიცით, გაორებული ბუნებისაა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ამოსავალ ფასეულობებს. ამ ცივილიზაციის ათასობით შესანიშნავ მიღწევას, რომლებიც ეგზომ აუმჯობესებენ ჩვენს ყოფას, შეუძლიათ ასევე, გააღარიბონ, შეამოკლონ და გაანადგურონ ჩვენი ცხოვრება და ხშირად ასეც ხდება. ადამიანთა მომსახურების ნაცვლად, ბევრი ამგვარი მიღწევა იმონებს მათ. პიროვნული თვითგამოხატვის გაიოლების მაგივრად, ისინი ხელს უწყობენ ადამიანთა დეინდივიდუალიზაციას. თითქმის ყოველმა აღმოჩენამ ან გამოგონებამ - ატომის გახლეჩიდან და დნკ-ს აღმოჩენიდან დაწყებული, ტელევიზიითა და კომპიუტერით დამთავრებული - შეიძლება ზიანი მოგვაყენოს და მათ იყენებდნენ კიდეც ჩვენ წინააღმდეგ. პირველ მსოფლიო ომთან შედარებით, ამჟამად გაცილებით უფრო ადვილია მთელი მეგაპოლისის განადგურება ერთადერთი საჰაერო თავდასხმით. ასევე, ტელევიზიის ეპოქაში ისეთ შეშლილებს, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი ან სტალინი, გაცილებით გაუადვილდებოდათ მთელი ერის სულიერების შერყვნა. კაცობრიობას ახლა შეუძლია პლანეტის კლიმატის შეცვლა, ასევე - მისი წიაღისეული რესურსებისა და მისი მდიდარი ფლორისა და ფაუნის განადგურება სულ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ხოლო ტერორისტებს ამჟამად უფრო მეტი გამანადგურებელი პოტენციალი აქვთ,  ვიდრე ამ საუკუნის დასაწყისში.  
     როგორც ჩანს, ჩვენს ეპოქაში ადამიანის ტვინის ერთი - რაციონალური -  ნაწილი, რომელმაც განახორციელა ყველა ეს მორალურად ნეიტრალური აღმოჩენა, არაჩვეულებრივად განვითარდა, მაშინ, როდესაც კატასტროფულად ჩამორჩა მეორე ნაწილი, რომელიც ფხიზლად უნდა იყოს, რათა ამ აღმოჩენების შედეგად კაცობრიობა არ გადაშენდეს.
მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები, როდესაც ვუფიქრდები კაცობრიობის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს, ყოველთვის ვუბრუნდები საკითხს ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც თითქოს უნარი არ შესწევს, ფეხი აუწყოს ცივილიზაციას და თავიდან აიცილოს საშიშროება, რომელსაც ეს უკანასკნელი უქადის კაცობრიობას. 
     უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს. მხოლოდ მეოცნებე თუ დაიჯერებს, რომ საკითხი შეიძლება მოგვარდეს ცივილიზაციის პროგრესის შეკვეცის გზით (ამა თუ იმ ფორმით). უახლოეს ეპოქებში სხვა ამოცანა უნდა გადავჭრათ - ესაა პასუხისმგებლობის გრძნობის რადიკალური გამძაფრება. ჩვენი სინდისი უნდა დაეწიოს ჩვენსავე გონებას, სხვა შემთხვევაში დავიღუპებით.
ღრმად მწამს, რომ არსებობს ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი ხერხი: უარი უნდა ვთქვათ ანთროპოცენტრისტულ შეხედულებაზე, რომ ადამიანი სამყაროს მეუფეა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს. პატივი უნდა ვცეთ უზენაეს ფასეულობებს: სამყაროს, დედამიწას, ბუნებას, სიცოცხლეს და რეალობას. ჩვენი პატივისცემა სხვა ადამიანების, სხვა ხალხებისა და სხვა კულტურების მიმართ მხოლოდ გაიზრდება, თუ პატივს ვცემთ კოსმიურ წესრიგს და გავაცნობიერებთ, რომ მისი ნაწილი ვართ, რომ ჩვენი ნამოქმედარი კი არ იკარგება, არამედ ყოფიერების მარადიული მეხსიერების ნაწილად იქცევა და სათანადოდ განისჯება.
ამგვარად, აშკარაა, რომ კაცობრიობის მომავლის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის გაჯერება სულიერებით. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა გავიაზროთ მისი მულტიკულტურული ხასიათი და ძალ-ღონე არ დავიშუროთ ახალი მსოფლწესრიგის შექმნისთვის, ყველა კულტურის საერთო ფესვების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ცივილიზაცია შექმნა სწორედ ევროამერიკულმა კულტურულმა სფერომ და კაცობრიობას შთააგონა დამღუპველი სიამაყე - ახლა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სულიერ ფესვებს და ჩვენი თავმდაბლობით მაგალითი მივცეთ მთელ მსოფლიოს.
ამგვარი ზოგადი შენიშვნების გამოთქმა, რა თქმა უნდა, ძნელი არაა და  აქ არაფერია ახალი ან რევოლუციური. თანამედროვე ადამიანები დაოსტატდნენ ჩვენ მიერ შექნილი სამყაროს კრიზისისა და უბედურებების აღწერაში, რომელთა გამო პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება. გაცილებით ნაკლებად ხელგვეწიფება ჩადენილის გამოსწორება.
რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად?
არ მჯერა, რომ არსებობს რაღაც უნივერსალური საშუალება ან პანაცეა. არ ვემხრობი იმას, რასაც კარლ პოპერმა უწოდა "გლობალური სოციალური ინჟენერია", კერძოდ, იმიტომ, რომ ჩემი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე იმ პირობებში, რომლებიც გლობალური მარქსისტული უტოპიის შექმნის მცდელობათა შედეგს წარმოადგენდა. ამიტომ საკმარისად კარგად ვიცი, რა მოჰყვება ამგვარ მცდელობებს.
თუმცა ეს არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან სამყაროს ბედ-იღბალთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ძნელი არაა, გავუღვიძოთ ადამიანებს პასუხისმგებლობის ახალი გრძნობა სამყაროს მიმართ, ვასწავლოთ ისეთი ქცევა, თითქოს დედამიწაზე სამარადჟამოდ უნდა ვიცხოვროთ და ჩავაგონოთ იმის შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ პასუხს მოსთხოვენ. ვინ იცის, რამდენი საზარელი კატაკლიზმის განცდა მოუხდება კაცობრიობას, სანამ პასუხისმგებლობის ასეთი გრძნობა ჩვევად გადაექცევა. ეს არ ნიშნავს, რომ საქმე სახვალიოდ უნდა გადავდოთ. მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, მხატვრებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულ აქტიურ ადამიანებს.
უპირველეს ყოვლისა, ესაა პოლიტიკოსთა ამოცანა.
თვით ყველაზე დემოკრატიულ პირობებშიც კი პოლიტიკოსებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ ხალხზე, უფრო მეტი, ვიდრე თვითონ ჰგონიათ. ეს ზეგავლენა მდგომარეობს არა მათ ფაქტობრივ უფლებამოსილებებში, რომლებიც, არსებითად, შეზღუდულია, არამედ სპონტანურ ზემოქმედებაში, რომელსაც ახდენს მათი ქარიზმა საზოგადოებაზე.
ჩემი აზრით, პოლიტიკოსთა თანამედროვე თაობის ამოცანას არ წარმოადგენს საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, და არც ტელეეთერში კეკლუცობა. ეს არც არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაა და არც მყუდრო, შემოსავლიანი სამუშაო ადგილის შოვნა. მათი როლი სხვაა: პოლიტიკოსებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობის ნაწილი ჩვენი სამყაროს მომავლის გამო და, ამგვარად, მაგალითი აჩვენონ საზოგადოებას. მათი ამოცანა ისაა, რომ გაბედულად განჭვრიტონ მომავალი, არ შეუშინდნენ ბრბოს არაკეთილგანწყობას, განიმსჭვალონ მაღალი სულიერებით (რაც, რა თქმა უნდა, მღვდელმსახურებაზე განზრახ დასწრებაში არ მდგომარეობს), განუწყვეტლივ განუმარტონ საზოგადოებრიობასაც და თავიანთ კოლეგებსაც, რომ პოლიტიკის მიზანი არ მდგომარეობს ცალკეული ჯგუფებისა და ლობისტების ინტერესთა დაცვაში. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, ესე იგი, ზნეობრივი უნდა იყოს. რამდენად უფრო კეთილშობილურია, ემსახურებოდე საზოგადოებასა და მორალს, ესე იგი, ზრუნავდე თვით ადამიანთა მოდგმის გადარჩენისთვის!
არ მგონია, რომ პოლიტიკოსი, რომლიც ამ სარისკო გზას დაადგება, გარდუვალად საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის პოლიტიკურ რეპუტაციას. ამ მცდარი გაგების თანახმად, მოქალაქე ბრიყვია, ხოლო პოლიტიკური წარმატების საფუძველი ისაა, რომ პოლიტიკოსი მისი სიბრიყვით სარგებლობს. ეს ასე არაა. სინდისი - ეს ღვთაებრივი რამ - ყოველ ადამიანს აქვს, რაც მტკიცედ უნდა გვჯეროდეს.
ქალბატონებო და ბატონებო! მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში ვიმყოფები. თქვენი ნებართვით, რამდენიმე სიტყვით დავახასიათებ ამ დიადი სახელმწიფოს პოლიტიკას.
მათ, ვინც აღჭურვილია ყველაზე მეტი ძალაუფლებითა და გავლენით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მოგვწონს ეს თუ არა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი სამყაროს ბედ-იღბლის გამო. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ძალზე ღრმად უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა.
იზოლაციონიზმი შეერთებული შტატებისთვის არასოდეს ყოფილა მომგებიანი. ის რომ უფრო ადრე ჩართულიყო პირველ მსოფლიო ომში, ალბათ, ამდენად არ დაზარალდებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შესახებ: როდესაც ჰიტლერი ემზადებოდა ჩეხოსლოვაკიის დასაპყრობად იმ იმედით, რომ დასავლურ დემოკრატიებს გამბედაობა არ ეყოფოდათ მასთან საბრძოლველად, თქვენმა პრეზიდენტმა წერილობით მიმართა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს და სთხოვა, შეთანხმება დაედო ჰიტლერთან. მას რომ არ მოეტყუებინა საკუთარი თავი და მთელი მსოფლიო (როდესაც ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა იმ შეშლილთან), ანუ ჰიტლერს რომ ეგრძნო საშიშროება შეერთებული შტატების მხრივ, მეორე მსოფლიო ომში ათეულობით ათასი ახალგაზრდა ამერიკელი არ დაიღუპებოდა.
გარდა ამისა, ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტს, რომელიც სხვა მხრივ გამოჩენილი პიროვნება გახლდათ, მკაფიოდ რომ ეთქვა "არა" სტალინის წინადადებაზე მსოფლიოს გადანაწილების შესახებ, ალბათ, ცივ ომს, რომელიც აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა, თავიდან ავიცილებდით.
გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ამგვარ შეცდომებს! ისინი საკმაოდ ძვირი დაგიჯდათ! ძლევამოსილი სახელმწიფო გაქვთ და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პასუხისმგებლობა.
ახლა უფრო მეტი საშიშროების წინაშე ვდგავართ და გამოსავალს არ წარმოადგენს იმათი მცდელობების აღკვეთა, ვისაც სურს, კვლავ გადაანაწილოს მსოფლიო ინტერესთა სფეროებად და დაიმორჩილოს სუსტი ქვეყნები. ახლა უნდა გადავარჩინოთ კაცობრიობა. ესაა ის საკითხი, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრე: თანამედროვე ცივილიზაციის, როგორც მულტიკულტურული და მულტიპოლარული ცივილიზაციის აღქმა, საკაცობრიო კულტურის ორიგინალური სულიერი წყაროების და, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი კულტურის პატივისცემა, ძალების მოკრება გაბედული და კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად - ახალი მსოფლწესრიგის ჩამოსაყალიბებლად.
არც ისე დიდი ხნის წინ დავესწარი წვეულებას, რომელზეც მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავდნენ. თანამედროვე სახელმწიფოების ორმოცდაათი მეთაური მოვიდა, რათა პატივი მიეგოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომის გმირებისა და მსხვერპლთათვის. ეს პოლიტიკური კონფერენცია კი არ იყო, არამედ საზოგადოებრივი ღონისძიება, რომლის დანიშნულებაც გახლდათ მოწვეული სტუმრების მიმართ სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის გამოხატვა. როდესაც მაგიდებთან სტუმრების განაწილების გეგმა ვნახე, გაოცებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეზობლები ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებად კი არ იყვნენ დასახელებულნი, არამედ - "გაეროს  უშიშროების საბჭოს და G7-ს მუდმივი წევრების" სახით. დავიბენი. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ამა ქვეყნის ძლიერთ ვნახავ და შევძლებ მათთან გასაუბრებას არაფორმალურ ვითარებაში-მეთქი. მეორე მხრივ, დავფრთხი, რადგან ეს იყო ყველაზე მსხვილი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი მაგიდა. გავიფიქრე, რომ მაგიდასთან მსხდომნი, რუსულ ხიზილალასთან ერთად, ისე გაგვანაწილებდნენ ერთმანეთს შორის, რომ ანგარიშს არ გაუწევდნენ ჩვენს აზრს. შესაძლოა, ეს იყო დრამატურგის ფანტაზია. მაგრამ ყოველივე ეს გიამბეთ ერთი უბრალო მიზეზის გამო: რათა გაჩვენოთ უფსკრული, რომელიც არსებობს მსხვილი სახელმწიფოების პასუხისმგებლობასა და მათ ქედმაღლობას შორის. მაგიდებთან გაგვანაწილა კაცმა (ვფიქრობ, ეს არ იყო არც ერთი იქ მყოფი პრეზიდენტი), რომელსაც ამოძრავებდა არა პასუხისმგებლობის გრძნობა, არამედ - ბანალურად - სიამაყე ამა ქვეყნის ძლიერთა გამო.
მაგრამ სიამაყე ისაა, რაც სამყაროს ჯოჯოხეთში მიიყვანს. გთავაზობთ ალტერნატივას: უდრტვინველად ვიკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენს სამყაროში მიმდინარე მოვლენების გამო. 
არსებობს ერთი შესანიშნავი პერსპექტივა საკითხში ხალხებისა და ცივილიზაციის სფეროების, კულტურისა და რელიგიის თანაარსებობასთან დაკავშირებით, რაც სრულად უნდა იქნას გაგებული და გათვალისწინებული. ესაა ზეეროვნული ან რეგიონალური ერთობების ჩამოყალიბება. ამჟამად მსოფლიოში არსებობს მრავალი ამგვარი ერთობა, ინტეგრაციის სხვადასხვაგვარი მახასიათებლებითა და ხარისხით. მჯერა ამგვარი მიდგომისა, მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზმები, რომლებიც განლაგებული არიან ეროვნულ სახელმწიფოებსა და მსოფლიო საზოგადოებას შორის, ორგანიზმები, რომლებიც შეიძლება იქცნენ გლობალური კავშირისა და თანამშრომლობა-კოოპერაციის არსებით საშუალებად. მიმაჩნია, რომ ინტეგრაციის ამ ტენდენციას სამყაროში, სადაც - როგორც უკვე ვთქვი - ყოველი მინდორი მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, მაქსიმალური შესაძლო დახმარება უნდა გაეწიოს.
ამასთან, ინტეგრაცია თვითმიზნად არ უნდა იქცეს. ის უნდა გავიაზროთ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ რეგიონს, თითოეულ ქვეყანას, სხვებთან თანამშრომლობისა და კოოპერაციის საშუალებას მისცემს, ესე იგი, ხელს შეუწყობს გეოგრაფიულად, ეთნიკურად, კულტურულად და ეკონომიკურად ახლო ქვეყნებსა და ხალხებს, შექმნან ასოციაციები, გააუმჯობესონ ურთიერთობა ერთმანეთთან და დანარჩენ სამყაროსთან. ამავე დროს, ამ რეგიონალურ ერთობებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ სხვა მსგავსი ერთობები შეიძლება მათ მიმართ მტრულად განეწყონ. რეგიონალური ჯგუფები, რომელთაც აქვთ საერთო ტრადიციები და საერთო პოლიტიკური კულტურა, უნდა იქცნენ მსოფლიოს რთული პოლიტიკური არქიტექტურის ნაწილად. ამგვარ რეგიონებს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ბუნებრივი შემადგენელი თანამშრომლობა-კოოპერაციისა მსოფლიო მასშტაბით. თუკი ნატოს გაფართოებასა და მასში იმ ქვეყნების გაერთიანებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ თავს რეგიონის კულტურულ და პოლიტიკურ ნაწილებად მიიჩნევენ,  შეიქმნება ალიანსი რუსეთისგან მოსალოდნელი საშიშროებისგან მათ დასაცავად (მაგალითად, ანტირუსული ღონისძიებებით), ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ რუსეთი არ ითვალისწინებს ეპოქის მოთხოვნებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა გაერო. მისი შექმნის ორმოცდაათი წლისთავი გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ უნდა გამოვაცოცხლოთ ის ახალი კულტურის, ახალი ძალისა და ახალი საზრისის მეშვეობით, ვაქციოთ უმნიშვნელოვანეს არენად იმ კულტურათა თანამშრომლობისთვის, რომლებიც შეადგენენ ჩვენს პლანეტარულ ცივილიზაციას.
მაგრამ სამყაროს არ გადაარჩენს არც რეგიონალური სტრუქტურების და არც გაეროს განმტკიცება, თუკი ორივე პროცესი არ იქნება შთაგონებული სულიერი მუხტით, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი იმედია იმისა, რომ კაცობრიობა იარსებებს მეორე ათასწლეულშიც.
აქ ვისაუბრე იმაზე, რაც, ჩემი აზრით, უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ძალა, რომელიც ასეთსავე - ან მეტსაც კი - ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცნობიერებაზე, ვიდრე - პოლიტიკოსები. 
ეს ძალა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. 
მხოლოდ მაშინ, როდესაც მაღალი პოლიტიკის სფეროში მოვხვდი, სრულად გავაცნობიერე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ორმხრივ საშიში ძალა. მათი ორმაგი ზემოქმედება დამახასიათებელი არაა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. ესაა მხოლოდ ნაწილი, ან გამოხატულება თანამედროვე ცივილიზაციის ორმაგი არსისა, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკე.
ტელევიზიის წყალობით მთელმა სამყარომ იხილა, რომ არის ქვეყანა, სახელწოდებით რუანდა, სადაც ადამიანები ეწამებიან რწმენის გამო. ტელევიზიის მეშვეობით შესაძლებელია, ცოტათი მაინც დავეხმაროთ ტანჯულებს. ტელევიზიის წყალობით მთელი სამყარო შეძრა იმან, რაც მოხდა ოკლაჰომა-სითიში და, ამავე დროს, ეს მოვლენა აღქმულ იქნა, როგორც გაფრთხილება ყველასთვის. ტელევიზიის წყალობით ყველამ იცის, რომ არსებობს ქვეყნები - ბოსნია და ჰერცეგოვინა, და რომ საერთაშორისო საზოგადოება წარუმატებლად ცდილობს მათ დაყოფას გროტესკულ მინისახელმწიფოებად იმ სამხედრო პირთა სურვილის შესაბამისად, რომლებიც არც ერთი მათგანის კანონიერი წარმომადგენლები არ არიან.
ესაა თანამედროვე მასმედიის შესანიშნავი მხარე, ან, უფრო ზუსტად, იმათი, ვინც ინფორმაციას აგროვებს. კაცობრიობა ემადლიერება გაბედულ ჟურნალისტებს, რომლებიც ნებაყოფლობით საფრთხეში იგდებენ საკუთარ სიცოცხლეს იქ, სადაც ხდება უბედურებები, რათა გააღვიძონ კაცობრიობის სინდისი.
ამასთან, არსებობს ტელევიზიის მეორე, უარყოფითი ასპექტი. ტელერეპორტიორები თითქოს ტკბებიან სამყაროში მიმდინარე საზარელი ამბებით ან, რაც უპატიებელია, მათ ჩვეულებრივ მოვლენებად წარმოგვიდგენენ. ტელევიზია პოლიტიკოსებს, პირველ ყოვლისა, ტელევარსკვლავებად წარმოგვიდგენს. მაგრამ სად დაწერილა, რომ ის, ვინც ტელევიზიით გვეკეკლუცება, აუცილებლად კარგი პოლიტიკოსიცაა? ყოველთვის მიკვირდა, რაოდენ დიდი ზეგავლენა აქვთ ჩემზე ტელევიზიის დირექტორებსა და რედაქტორებს, რომ ჩემი იმიჯი გაცილებით მეტადაა დამოკიდებული მათზე, ვიდრე ჩემზე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გავიღიმებ თუ არა ტელეგადაცემაში, ან როგორ შევარჩევ ჰალსტუხს; ტელევიზია მაიძულებს გამოვხატო ჩემი აზრები რაც შეიძლება უფრო გონებამახვილურად, ლოზუნგებით ან შორისდებულებით. შესაძლოა, ჩემი ტელეგამოსახულება ისე შეცვალონ, რომ ჩემს თავს არ ვგავდე. ყოველივე ეს მაოცებს და, ამავ დროს, ვშიშობ, რომ კეთილ მიზნებს არ ემსახურება. ვიცნობ პოლიტიკოსებს,  რომლებიც თავიანთ თავს ისე აღიქვამენ, როგორც ეს ტელეკამერით ხდება. ტელევიზიამ შეისრუტა მათი პიროვნებები და ერთგვარ ტელეაჩრდილებად აქცია. ზოგჯერ ვფიქრობ, ძილის დროსაც იმაზე ხომ არ ფიქრობენ, რომ ტელეკამერის წინ მომგებიანად გამოიყურებოდნენ.
ტელევიზია ან პრესა არ აღმაშფოთებს იმის გამო, რომ ისინი ამახინჯებენ ან კვეცენ ჩემს ნათქვამს, ან როდესაც რედაქტირების გზით ტელეეკრანზე ურჩხულს მამსგავსებენ. არ მაღიზიანებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როდესაც ვრწმუნდები, რომ პოლიტიკური მოღვაწის აღზევება ან დაცემა ხშირად უფრო მეტად მათზეა დამოკიდებული, ვიდრე დაინტერესებულ მხარეთა პოლიტიკაზე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელნიც განკარგავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის გამო. ისევე, როგორც ატომის გახლეჩამ შეიძლება უდიდესი სარგებლობა მოუტანოს კაცობრიობას, და, იმავდროულად, საფრთხე შეუქმნას მის არსებობას, ასევე, ტელევიზიას შეიძლება ჰქონდეს სასიკეთო ან არასასიკეთო შედეგები. მას შეუძლია, სწრაფად, შთამბეჭდავად და არნახული ძალით დანერგოს ურთიერთგაგების, ჰუმანურობის, სოლიდარობისა და სულიერების სულისკვეთება, ან  კიდევ - თავზარი დასცეს მთელ ხალხებსა და კონტინენტებს. ისევე, როგორც ატომური ენერგიის გამოყენება დამოკიდებულია პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ტელევიზიის ძალაუფლების მართებული გამოყენებაც დამოკიდებული ჩვენს პასუხისმგებლობის გრძნობაზე.
საკითხს, გადაურჩება თუ არა ჩვენი სამყარო მის წინაშე წამოჭრილ საშიშროებებს, განსაზღვრავს, პირველ რიგში, ის, გააცნობიერებენ თუ არა ადამიანები თავიანთ გრძნობებს, შეიგნებენ თუ არა თავიანთი პასუხისმგებლობის ხარისხს და ახლებურად აღიქვამენ თუ არა თვით ყოფიერების სასწაულს. სამყაროს ბედი თითოეული ჩვენგანის ხელთაა. და მაინც, ზოგიერთს მეტი ზეგავლენა აქვს მის ბედზე, ვიდრე - დანარჩენებს. რაც უფრო დიდია ადამიანის გავლენიანობა -  იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ტელედიქტორი - მით მეტი მოთხოვნები წაეყენება მის პასუხისმგებლობის გრძნობას და მით ნაკლებად უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები.
ბოლოს, ნება მომეცით, გამოვთქვა მცირეოდენი შენიშვნა. პრაღაში დავიბადე და იქ ვცხოვრობდი ათწლეულების განმავლობაში, ისე, რომ უფლება არ მქონდა, ფართო განათლება მიმეღო ან მომენახულებინა სხვა ქვეყნები. მიუხედავად ამისა, დედაჩემს არასოდეს უთქვამს უარი თავის ერთ-ერთ ფარულ და საკმაოდ ექსტრავაგანტურ ოცნებაზე: რომ მე ჰარვარდში ვისწავლიდი. ბედმა წილად არ მარგუნა, ხორცი შემესხა მისი ოცნებისთვის, მაგრამ მოხდა სხვა რამ, რაც დედაჩემს არც კი დასიზმრებია: დოქტორის ხარისხი მივიღე ჰარვარდში, ისე, რომ აქ არასოდეს მისწავლია.
მეტსაც ვიტყვი: საშუალება მომეცა, მენახა სინგაპური და უამრავი სხვა ეგზოტიკური ქვეყანა. დავრწმუნდი, რაოდენ პატარაა ჩვენი სამყარო და რამდენი უბედურება სუფევს მასში, რასაც თავიდან ავიცილებთ, თუკი ადამიანები გამოიჩენენ უფრო მეტ მხნეობას, განიმტკიცებენ იმედებს, იგრძნობენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მეტი ურთიერთგაგებითა და სიყვარულით მოექცევიან ერთმანეთს.
არ ვიცი, მიყურებს თუ არა დედაჩემი ზეციდან, მაგრამ თუ მხედავს, ალბათ, ფიქრობს, რომ ცხვირს ვყოფ იმ საქმეებში, რომლებშიც ცხვირი უნდა ჩაყონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც პოლიტოლოგია ჰარვარდში შეისწავლეს.
ვიმედოვნებ, თქვენ ასე არ ფიქრობთ!
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
 
პირველად დაიბეჭდა "ცხელი შოკოლადის" 91- ნომერში, 2013, ივნისი

No comments:

Post a Comment