სასარგებლო ლიტერატურა/დისკუსია

წერის ორი ეფექტური სტრატეგია


როგორ გავხადოთ წერის პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი მოსწავლეებისთვის?

ყველასთვის ცნობილია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ უყვარს წერითი დავალებების შესრულება, ვინაიდან წერითი აზროვნების უნარის განვითარება და შესაბამისად, კარგი წერილობითი ნაშრომების შექმნა არც ისე იოლი მისაღწევია. ეს დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მოსწავლისგან, ასევე მასწავლებლისგან.

მოსწავლეთა უმრავლესობამ ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს წერა. ზოგჯერ მათი წერილობითი ნაშრომები იმდენად ბუნდოვანია, რომ უამრავ დაზუსტებას მოითხოვს და ვერ ახერხებს მკითხველის დაინტერესებას, მის დარწმუნებას მოცემულ მოსაზრებასა თუ პოზიციაში. მსგავს პრობლემებთან შეჯახება, უმეტესად, აქვეითებს მოსწავლეთა მოტივაციას და კიდევ უფრო ართულებს წერითი აზროვნების განვითარებას.
წერით პროცესებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის ყველაზე ეფექტურ და აპრობირებულ გზას მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა მრავალფეროვანი წერითი სტრატეგიებით აღჭურვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენს.

განვიხილავთ წერის ორ სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის წერილობითი ნაშრომების შექმნასა და მათ შემდგომ დახვეწაში.

1.სტრატეგია "რა – რატომ და როგორ?”

ეს სტრატეგია საუკეთესო გზაა არგუმენტებით გამყარებული ნაშრომების შესაქმნელად, ნებისმიერი მოსაზრების განსამტკიცებლად, ძირითადი შეკითხვის მისაგნებად და ა.შ. ის მოსწავლეს საშუალებას აძლევს, განსახილველი საკითხები ვიზუალურად აღიქვას და ინფორმაციის ნაწილებს შორის ურთიერთმიმართება დაადგინოს.

"რა – რატომ და როგორ?” სტრატეგიის თითოეული შეკითხვა მოსწავლეს განსხვავებულ ამოცანას უსახავს და უბიძგებს საკითხის დამოუკიდებლად გააზრებისკენ, საკუთარი მოსაზრების ახსნისა და დასაბუთებისკენ (იხ. სქემა 1).
რა?
რატომ?
საიდან? როგორ?
რას ფიქრობთ?
(თქვენი მოსაზრება)
რატომ ფიქრობთ ასე?(თქვენი მოსაზრების ახსნა, გამომწვევი მიზეზების დასახელება)
საიდან იცით?
(თქვენი მოსაზრების დამასაბუთებელი არგუმენტი ან მაგალითი)

სქემა 1.
·"რას ფიქრობთ?” ეს არის გრაფა, სადაც იწერება პირადი მოსაზრება, პოზიცია, დამოკიდებულება განსახილვევლი საკითხის მიმართ. ესეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მთავრი იდეა ან თეზისი.
· "რატომ ფიქრობთ ასე?” ეს არის გრაფა, სადაც იხსნება მოსაზრება და აღინიშნება, თუ რამ გამოიწვია მისი გაჩენა.
·"საიდან იცით?’ – ეს არის გრაფა მტკიცებულებებისთვის, მაგალითებისა და ყველა იმ საშუალებისთვის, რომლებითაც შეიძლება დასაბუთდეს ძირითადი მოსაზრება. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ახსნასა და გამომწვევ მიზეზს უნდა ამტკიცებდეს, სულ ცოტა, ერთი მაგალითი ან სხვა სახის მტკიცებულება მაინც, ასევე, არგუმენტები მოყვანილი უნდა იყოს არა ერთი, არამედ სხვადასხვა რელევანტური წყაროდან (სტატისტიკური მასალიდან, კვლევის ანგარიშებიდან, ისტორიული დოკუმენტებიდან, კანონმდებლობიდან და ა.შ.).
"რა – რატომ და როგორ?” სტრატეგია, გარდა ზემოთ აღნიშნული დანიშნულებისა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ:
·ეფექტური დისკუსიის წარმართვისთვის:
სადისკუსიო საკითხის ამ სახით დამუშავება და განხილვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თემა სიღრმისეულად გაიაზრონ, საკუთარი პოზიცია გააანალიზონ და ადეკვატური დასკვნები გამოიტანონ.
·აბზაცების შედგენისთვის:
სქემაში ორგანიზებული იდეები ხელს უწყობს მოსწავლეებს, ადვილად დაწერონ აბზაცები. სქემის ჩანაწერები შეიძლება ერთმანეთს ლოგიკური თანმიმდევრობით დაუკავშირდეს და მთლიან აბზაცად ჩამოყალიბდეს.
·თეზისების განაცხადისთვის ან კვლევითი ნაშრომის ძირითადი შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებისთვის:
ამ შემთხვევაში "რა – რატომ და როგორ?” სქემის პირველ გრაფაში იწერება საკვლევი კითხვის სავარაუდო პასუხი ან თეზისი, მეორეში – მიზეზები და მესამეში – დამამტკიცებელი საბუთები ან ბიბლიოგრაფიული მონაცემები.

2.სტრატეგია – "იდეა – დეტალები”
ხშირად მოსწავლეები საკუთარ ნაშრომებში საინტერესო იდეებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი განმტკიცებული და ცხადად ჩამოყალიბებული არ აქვთ, ვერ აღწევენ სასურველ წარმატებას. ამის მთავარი მიზეზი კი, უმეტესად, მათ ნაწერებში დეტალების ნაკლებობაა.
·რა არის დეტალი? დეტალი არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს ავტორის მიერ გამოთქმული აზრის შესახებ. ის გამოიყენება იმ წინადადებების ასახნელად, რომლებსაც მეტი სიცხადე და დაზუსტება სჭირდება.
·რისთვის გვჭირდება დეტალები? დეტალები წერილობითი ნაშრომის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კონკრეტული დეტალების გარეშე ძნელია, მკითხველი ჩაწვდეს ავტორის აზრს. თუ ავტორი მკითხველს ვერ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მას აინტერესებს, მაშინ მკითხველი ბუნებრივად კარგავს კითხვის მოტივაციას. ამ უკანასკნელის შეკითხვებზე პასუხების გაცემა და მისი ინტერესის დაკმყოფილება კი სწორედ დეტალების საშუალებით შეიძლება.
·როგორ შეიძლება დეტალებით ნაწერის შევსება? წერილობით ნაშრომში იდეებისა და მოსაზრებების განმამტკიცებელი დეტალების დამატების საუკეთესო გზას სტრატეგია "იდეა-დეტალები” წარმოადგენს (იხ. სქემა 2).
აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად, ნაწერისთვის შერჩეული მოსაზრებებიდან უნდა გამოიყოს ერთი ან რამდენიმე ისეთი იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვს განმტკიცებას. ის უნდა დაიწეროს სქემის მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვნივ შესაბამისი ამხსნელი წინადადებები უნდა ჩაიწეროს.
ყველა შესაძლო დეტალის ჩამოწერის შემდეგ შესაძლებელია ისინი კიდევ ერთხელ გადაიხედოს და ის წინადადები შეირჩეს, რომლებიც ყველაზე კარგად ამტკიცებენ კონკრეტულ მოსაზრებას. იდეასთან დეტალების დაკავშირებით და მათი ლოგიკური თანმიმდევრობის დალაგებით გაცილებით ადვილია მკითხველის ინტერესებზე ორიენტირებული წერილობითი ნაშრომის შექმნა.

იდეა
დეტალები
წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ნაწერიდან)
რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)


წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ნაწერიდან)რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)


სექმა 2

სტრატეგია "იდეა-დეტალების” გამოყენებისას გასათვალისწინებლია შემდეგი რეკომენდაციები:
·დეტალების ჩამოწერისას სასურველია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, დაწერონ ყველაფერი, რაც მეტ-ნაკლებად უკავშირდება გამოთქმულ იდეას. ეს არის წერის წინა აქტივობა და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად ეფექტურად იქნება წარმოდგენილი ყველა დეტალი.
·მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ავუხსნათ, რომ დეტალების ჩამოწერის პროცესში იმაზეც იფიქროს, თუ რა დამატებითი ინფორმაცია დასჭირდება აუდიტორიას წარმოდგენილი მოსაზრების შესახებ.
·დეტალების რაოდენობა არ არის განსაზღვრული, ის დამოკიდებულია იდეასა და აუდიტორიის სავარაუდო შეკითხვებზე. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დეტალების რაოდენობა 5-და 10-მდეა ხოლმე.
·დეტალების დასახვეწად შესაძლებელია მოსწავლემ მიმართოს კლასს, წაუკითხოს საკუთარი იდეა და სთხოვოს, დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხების დასაზუტებლად. დასმული კითხვების მიხედვით ადვილი დასადგენია, თუ რა აინტერესებს მკითხველს ავტორისგან.
·არსებობს უამრავი დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური ნაშრომისათვის. დეტალების შესარჩევად ერთ-ერთი კარგი გზა კითხვების დასმაა: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? და ა.შ., მაგრამ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ყველაზე კარგი წყარო არის პასუხი კითხვებზე: რატომ და როგორ?
·იდეისა და დეტალების კიდევ უფრო გავრცობისთვის შესაძლებელია ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე დეტალი გადავიდეს იდეის გრაფაში და შემდგომ მის ირგვლივ მოხდეს დეტალების მოძიება და ჩამოწერა.
როგორც ვხედავთ, სტრატეგიები "რა – რატომ და როგორ” და "იდეა-დეტალები” ეფექტური საშუალებებია არგუმენტებით გამყარებული, საინტერესო და გამართული ნაშრომების შესაქმნელად. გარდა ამისა, ისინი მოსწავლეებს უვითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დამოუკიდებლად შემუშავება, მათი ახსნა საკუთარი პოზიციდაან გამომდინარე და საბუთებით განმტკიცება, ინფორმაციის მოძიება, იდეების დეტალებით დაზუსტება და სხვადასხვა კუთხით ორგანიზებული მოსაზრებების გამთლიანება.
და ბოლოს, რაც მეტი წერითი სტრატეგია იცის მოსწავლემ, მით მეტად სახალისო და მარტივი ხდება მისთვის წერილობითი დავალებების შესრულების პროცესი.
წყარო: http://mastsavlebeli.geავტორი: თეო ჭყოიძე

* * *

 განათლების ნათარგმნი, მაგრამ გამოუცემელი ბიბლიოთეკა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, მსოფლიო ბანკის დახმარებით მოპოვებული იაპონიის მთავრობის გრანტის მეშვეობით, განათლების მიმართულებით 2009-2010 წლებში სამოცდაშვიდი ახალი სახელმძღვანელო თარგმნა.
სახელმძღვანელოები ეხება განათლების ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, შეფასებას, სწავლებას, განათლების მართვას, წიგნიერების შესწავლას, მრავალენოვან განათლებას, სპეციალურ განათლებას და სხვ. ნათარგმნია განათლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი ავტორები: ჯონ დიუი, ალბერტ ბანდურა, ჰოვარდ გარდნერი, დევიდ პერკინსი, მაიკლ ფულანი, ლინდა დარლინგ ჰემონდი, დენიელ კორეტცი და სხვ.

სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

სახელმძღვანელოები თარგმნილია, რედაქტირებულია და დაკაბადონებულია. ტექნიკურად ეს გამომცემლობა დიოგენემ და გამომცემლობა საქართველოს მაცნემ განახორციელა. ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, სადაც საჭირო იყო, ამ წიგნების უსასყიდლოდ გავრცელებისთვის საავტორო უფლებები შეისყიდა.  წიგნები სრულიად მზად არის დასაბეჭდად ან ელექტრონული ფორმით გასავრცელებლად. ამ სამუშაოში დახარჯულია დაახლოებით 500 000 USD.

სამწუხაროა, რომ  თითქის ორი წელია, რაც წიგნები მზად არის, მაგრამ ისინ ჯერ არ დაბეჭდილა ან ელექტრონულად არ გავრცელებულა. შესყიდულ საავტორო უფლებებს ვადა გასდის, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო ფულის დახარჯვა წიგნების გამოსაცემად. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გაუქმდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ეს პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასრულოს.

ეს წიგნები მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფი განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ განათლების მართვის, კვლევის ან მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე. იმედია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მალე დაიწყებს მათ გამოქვეყნებას.

http://www.ganatlebisreforma.com

No comments:

Post a Comment