ქართული ენა და ლიტერატურა

გია მურღულია "ვეფხისტყაოსნის" შესახებ





23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორმა, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" თემაზე საჯარო ლექცია გამართა.


დავით გურამიშვილი


დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა დაოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში გაიხიზნა.
დაახლოებით 17271728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს.1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.
ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.
გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 17381760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (17561763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.


                                                   მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი





ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

No comments:

Post a Comment