Tuesday, July 30, 2013

სწორი კვება


ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.
“კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

ზოგადი წესები
ეცადეთ, ნელა ჭამოთ. ხშირად ადამიანები სწრაფად ჭამენ მიუხედავად იმისა, რომ არსად ეჩქარებათ. ნელა ჭამისას ორგანიზმი უკეთესად ამუშავებს მიღებულ საკვებს. დადგენილია, რომ ნელა ჭამა წონის შესანარჩუნებლადაც უკეთესია. როცა ნელა ვჭამთ, გარდა იმისა რომ საჭმელი უკეთ გვერგება, უფრო მალე ვნაყრდებით, ხოლო სწრაფად ჭამისას შიმშილის გრძნობა გვიან გვიქრება, რადგან ამ დროს კუჭი ვერ ასწრებს ტვინს სიგნალი დროულად მიაწოდოს და ადამიანი ზედმეტს ჭამს. შედეგად გვიჩნდება სიმძიმის შეგრძნება და ორგანიზმს უჭირს მიღებული საკვების გადამუშავება.
შეარჩიეთ სწორი დრო. უკეთესი იქნება, თუ თქვენი ყოველდღიური კვების რეჟიმი მკაცრად გექნებათ განსაზღვრული. დღეში ხუთჯერადი კვება (08:00; 12:00; 15:00; 18:00; 21:00;) ყველაზე მისაღები განაწილებაა ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. თუ დიეტაზე ხართ და საღამოობით ჭამას ერიდებით, შეგიძლიათ 21:00-ზე აღარ ივახშმოთ, ოღონდ ეცადეთ, დილით და შუადღით უკეთ დანაყრდეთ.
კალორია ყველა უსარგებლო არ არის. მათი მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საჭირო კალორიების რაოდენობა ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. თუ სპორტს მისდევთ ან ფიზიკურად უფრო სრული ხართ, მეტი კალორია გჭირდებათ. ზოგადად კაცებმა უფრო დიდი რაოდენობით კალორია უნდა მიიღონ, ვიდრე ქალებმა.
მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ნახშირწყლები. ისინი ენერგიას შეგმატებთ. ამისათვის კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად გაზრდით თქვენს რაციონში ბოსტნეულის რაოდენობას და ნაკლებ შაქარს მიიღებთ.
საუზმე არ გამოტოვოთ. ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადილი ან ვახშამი.  ზოგი ადამიანი საერთოდ არ საუზმობს, რადგან დილის საათებში ჭამის სურვილი არ აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ და ისაუზმებთ. ეცადეთ საუზმე რაც შეიძლება ნოყიერი იყოს. საუზმე მთელი დღის განმავლობაში ენერგიას გმატებთ. იგი განწყობაზე და აზროვნების უნარზეც დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად საუზმობს, სიმსუქნის პრობლემა ნაკლებად აწუხებს.
საუზმობისას ეცადეთ, ყავა არ დალიოთ, ყოველ შემთხვევაში, არა დიდი რაოდენობით. ასევე ერიდეთ შემწვარს, საკონდიტრო ნაწარმს (ნამცხვარს, ფუნთუშებს) და ნებისმიერი სახის ტკბილ ცომეულს. სანაცვლოდ უკეთესი იქნება, თუ მიიღებთ ნაზუქს, პურს კარაქით ან თაფლით ჩაისთან ერთად, ასევე კარგია მოხარშული კვერცხი. უკეთესი იქნება, თუ საუზმეს ხილით დაიწყებთ და მცირე პაუზის შემდეგ მსუბუქად წაიხემსებთ ხილის ნატურალურ წვენთან ან ჩაისთან ერთად.
ზოგადად ეცადეთ, რომ საჭმლის უმეტესი დოზა დღის პირველ ნახევარში მიიღოთ. გარდა იმისა, რომ გვიან ჭამის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ, ასეთი რეჟიმი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. დამტკიცებულია, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო აქტიურად დღის პირველ ნახევარში მიმდინარეობს და სწორედ დღე-ღამის ამ მონაკვეთში იყენებს ორგანიზმი საუკეთესოდ იმ კეთილ თვისებებს, რომლებსაც საჭმლისგან ვიღებთ. საღამოს კი ადამიანის ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, ორგანიზმი დასვენებისკენაა მიდრეკილი და ამ დროს მიღებული საკვები უფრო რთული მოსანელებელია. ამიტომაა, რომ როცა საღამო ხანს ან ძილის წინ ვჭამთ, დილით დაღლილი ვიღვიძებთ.
ხილი ყოველთვის ჭამის წინ მიიღეთ. დღეს გავრცელებული კულტურაა ჭამის შემდეგ დესერტად ხილის დაყოლება. მაგრამ ეს არასწორია. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ხილის კარგი თვისებები გამოიყენოს, იგი ცარიელ კუჭზე ან ჭამიდან არაუმცირეს 3 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ. ხილსა და საკვებს სხავდასხვა დანიშნულება აქვს. როცა საკვებით ვიწყებთ და ხილს ვაყოლებთ, ერთიც და მეორეც გადაიქცევა ხრწნად მასად და ორგანიზმისთვის სრულიად უსარგებლო ხდება. ხშირად სწორედ ამგვარი კვება იწვევს კუჭის სიმძიმეს და დაღლილობის შეგრძნებას. მას შემდეგ, რაც ხილს მიირთმევთ, ნახევარსაათიანი შუალედი სრულიად საკმარისია საკვების მისაღებად. ხილის სწორად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ენერგიით ივსებით, ღებულობთ ხილის საუკეთესო თვისებებს და ნაკლებად გაწუხებთ წონის პრობლემა. გარდა ამისა, საკვების მსგავსად, ხილის მიღებაც დღის პირველ ნახევარში უფრო შედეგიანია.
ამბობენ, რომ ის ვინც ხილის მისაღებად სწორ დროს არჩევს, მუდმივი ახალგაზდრობისა და სილამაზის საიდუმლო მის ხელთაა. ზოგი ექიმი ვარაუდობს, რომ ხილის სწორად მიღება მამაკცებში გამელოტების რისკს ამცირებს. ხილის მიღება სასურველია ნატურალური ფორმით, რადგან, მაგალითად, გამოხარშვის დროს მასში დიდი რაოდენობით ვიტამინები ნადგურდება.
ეცადეთ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიოთ. ადამიანი წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობს. წყალი მაცოცხლებელი ენერგიის წყაროა. იგი ადამიანის ორგანიზმისთვის ნებისმიერ საკვებსა და ხილზე უფრო მნიშვნელოვანია.
მეტად სავარაუდოა, რომ თუ წყალს მალ-მალე დალევთ, ზედმეტი წონის პრობლემა არ შეგაწუხებთ. თუმცა, დროითი შუალედების დაცვა მაინც მნიშვნელოვანია. შუა ჭამაში წყლის სმა, ან ჭამის შემდეგ დაყოლება მაინც და მაინც სასურველი არ არის.
მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. თქვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტისმეტად ცხიმიან საკვებს რაც შეიძლება ნაკლებად მიიღებთ. ზედმეტი წონისა და უსარგებლო კალორიების მეტს არაფერს დაკარგავთ. ასევე კარგი იქნება, თუ სწრაფ კვებასაც ნაკლებად მიეტანებით. მას თქვენი ჯანმრთელობისთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს.
მოერიდეთ კვებით დანამატებს. კვებითი დანამატები ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს. ეცადეთ, ნაკლებად ჩაიტკბარუნოთ პირი სხვადასხვა ტკბილეულით, კარამელებით, საღეჭი რეზინებით.
მსგავსი პროდუქცია ხარისხით განსხავდება, მაგრამ მათში მაინც დიდი რაოდენობით კვებითი დანამატებია. მსგავსი ქიმია კი ადამიანის ორგანიზმისთვის არამარტო უსარგებლო, არამედ ხშირ შემთხვევაში ძალიან მავნებელიცაა.

ორგანული ნივთიერებები 
ადამიანის ორგანიზმი მრავალ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებსაც ყველა ჯანმრთელი ადამიანი რეგულარულად უნდა ღებულობდეს. გვერდით მითითებულია პროდუქტები, რომლებშიც ისინი მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება.
კალციუმი – რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ყველი),  ქაშაყი (ე.წ. სილიოტკა), ნუში, ლეღვის ჩირი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, თუთა, კივი, ბოლოკი, უმი ისპანახი, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ნუში
იოდი  – რძის პროდუქტი, კარტოფილი, ქლიავის ჩირი, მარწყვი, მოცვი, მწვანე ლობიო, ისპანახი, ნიორი.
რკინა -  მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, ხიზილალა, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, გარგარი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, შოკოლადი, კაკაო.
სპილენძი  – მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, სოკო ,ბოლოკი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, ვაზის ფოთლები, გოგრის გული, თხილი, მზესუმზირის თესლი, შოკოლადი, კაკაო.
კალიუმი -  წითელი წიწაკა, თევზეული, ლობიო, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, გოგრის გული, გარგარი, ფორთოხალი, ბანანი, ქოქოსი, ავოკადო.
ახალი გარგარი
მაგნიუმი - ბრინჯი, ხორბალი, შვრია, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, თხილი, ნუში, შავი შოკოლადი, კაკაო, შავი ბადაგი.
მანგანუმი – ბრინჯი, შვრია, ზაფრანა, ხამანწკი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, კაკალი, შავი შოკოლადი, კაკაო.
თუთია –  მოხარშული ღვიძლი, მჭლე ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ხამანწკი, კომბოსტო, მწვანე მუხუდო, მზეზე გამომშრალი პომიდორი, გოგრის გული, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ატმის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, მაყვალი, ჟოლო, ავოკადო, შავი შოკოლადი, კაკაო.
სელენი - თევზეული, ზღვის პროდუქტი (კიბორჩხალა, ხამანწკი, ხიზილალა…), ღორის ხორცი, ხორბალი, ბრინჯი, შვრია, თხილი, მზესუმზირის თესლი.
ფოსფორი –  ბრინჯი, შვრია, შებოლილი ხორცი, ყველი, თხილი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი.
გოგრის გული
სოდა –  სუფრის მარილი, საჭმელი სოდა, წვნიანები, შებოლილი ხორცი, ძეხვეული, ყველი, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ქლორი -  კარაქი, შემწვარი კარტოფილი, შებოლილი ხორცი, ზეთის ხილი, კაკაო.

ვიტამინები 
საჭირო ვიტამინების გარეშე ადამიანის ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა სრულყოფილად იფუნქციონიროს, დიდი რაოდენობით ვიტამინებია საჭირო. ქვემოთ ნახავთ, რა ვიტამინებს უნდა ვღებულობდეთ სისტემატურად და რომელ პროდუქტებში მოიპოვება ისინი დიდი რაოდენობით.
ვიტამინი A –  A ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით სტაფილო შეიცავს. ასევე მდიდარია ისპანახი, გარგრის ჩირი, რძე, კვერცხის გული.
ისპანახი
ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს კომბოსტო, მუხუდო, წითელი წიწაკა, გოგრა. თითქმის ყველა ხილი შეიცავს A ვიტამინს, მაგრამ გარგარი ყველაზე მეტად. ასევე ძალიან მდიდარია ნესვი.
ვიტამინი B1 – B1 ვიტამინით მდიდარია მწვანილი, მზესუმზირის თესლი, თევზეული, ღორის ხორცი, თხილი, კაკალი.
ვიტამინი B3 – ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ბრინჯი, ხორბალი, მიწის თხილი, თევზეული, მოხარშული ღვიძლი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, შებოლილი ხორცი, წითელი წიწაკა, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ვიტამინი B12 -  ვიტამინი B12-ით მდიდარია ზღვის პროდუქტი (ხამანწკები, ხიზილალა, თევზეული). ასევე მოხარშული ღვიძლი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ყველი, კვერცხი. ცნობილია, რომ B12 ვიტამინს ანადგურებს E220 ემულგატორი (კვებითი დანამატი), ამიტომ მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს E220-ს.
ვიტამინი C  – ბოსტნეულიდან C ვიტამინით მდიდარია ბულგარული წიწაკა, მწვანე და წითელი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.
დაფქვილი წითელი წიწაკა
ხილიდან მარწყვი, მაყვალი, კივი, ლიმონი, ფორთოხალი. C ვიტამინით სხვა ბევრი ხილი და ბოსტნეულია მდიდარი: კომბოსტო, წიწმატი, ბოლოკი, ატამი, ალუბალი, ბანანი, ანანასი.
ვიტამინი D  – რძის პროდუქტები D ვიტამინის საბადოა. ასევე ზღვის პროდუქტი (ხამანწკი, ხიზილალა, თევზეული). ამას გარდა, D ვიტამინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სოკო, კვერცხი და ზოგიერთი ძეხვეული.
ვიტამინი E  – E ვიტამინით მდიდარია  წითელი წიწაკა, მზესუმზირის თესლი, ნუში, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ზეთისხილი, ისპანახი.
ვიტამინი K  – ვიტამინი K ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გვხვდება. ასეთებია: მწვანე ხახვი, კომბოსტო, წითელი წიწაკა, ბროკოლი, კიტრის მწნილი.
ბროკოლი
ასევე კივი, ყურძენი და ქლიავის ჩირი.
ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია B2, B5, B6, B7, B9 ვიტამინებიც. ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავენ შემდეგი პროდუქტები: მოხარშული ღვიძლი, ბრინჯი, ხორბალი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, ხიზილალა, თევზეული (ორაგული…), ყველი, კვერცხი, ლობიო, მწვანე ლობიო, ისპანახი, თალგამი, მსეზუმზირის თესლი, თხილი, სხვადასხვა ცხარე სანელებლები.

ცილები 
ცილები, ანუ პროტეინები ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ორგანული ნაერთებია. ამ ქიმიურ კომპონენტებს მრავალი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მათი ზომიერი რაოდენობაა საჭირო. ცილებს მრავალი პროდუქტი შეიცავს. მათ შორისაა თითქმის ყველა შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ყველი. ცილებს ასევე შეიცავს მიწის თხილი და გოგრის გული. ცილებით მდიდარია ბოსტნეულიც. მათ შორისაა ლობიო, მუხუდო, ხახვი, ისპანახი, ოხრახუში, პრასი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
მზეზე გამომშრალი პომიდორი
ცილებით მდიდარ ხილს მიეკუთვნება: თუთა, მოცხარი, მაყვალი. ასევე გარგრისა და ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ვაზის ფოთლები, თეთრი სოკო.
გარგრის ჩირი
ცილები უმიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი თმის, ფრჩხილების, ხრტილებისა და კუნთოვანი ქსოვილების, კანისა და სისხლის მნიშვნელოვანი მკვებავია. ცილების ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატება. ამ დროს ხშირია სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, წონაში სწრაფი კლება და სხვა. თუმცა, უარყოფითი შედეგები ცილების ჭარბ რაოდენობასაც ახლავს თან და შეიძლება თირკმელების დაავადების მაპროვოცირებელიც კი გახდეს.
დღეს გავრცელებულია აზრი, რომ ცილების დიდი რაოდენობით მიღება კუნთების ზომაში ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ ეს ასე არ არის. კუნთოვანი ქსოვილების უკეთესი ფუნქციონირებისთვის ცილები აუცილებელია, მაგრამ ვისაც დიდი კუნთები უნდა, მას მაინც (ვაგლახ, რომ) ვარჯიში მოუწევს.

ნივთიერებათა ცვლა
ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. სწრაფი ნივთიერებათა ცვლა ჯანმრთელი ორგანიზმის  ერთ-ერთი წინაპირობაა. ამიტომ ადამიანმა ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს. გარდა იმისა, რომ მრავალი  დაავადების რისკი შემცირედება, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებით ნაკლებად შეგაწუხებთ ზედმეტი წონის პრობლემა და მუდმივად შრომისუნარიანი და ენერგიული იქნებით.
ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო:
  •  ჭამეთ მალ-მალე, 2-3 საათიანი შუალედებით და თითო ჯერზე ზომიერი რაოდენობით. 5-6 საათიანი შუალედებისას ბევრად მეტს ვჭამთ და დიდი რაოდენობით საკვები ცარიელ კუჭზე, ორგანიზმსაც ვნებს და არც წონის შესანარჩუნებლადაა საუკეთესო გზა.
  • დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი დღის განმავლობაში. დილიდან საღამომდე შეიძლება წყალი ერთხელაც არ მოგწყურდეთ, მაგრამ ეცადეთ, მაინც დალიოთ.
  • ივარჯიშეთ. როცა დღის განმავლობაში წყლის დალევის სურვილი არ გიჩნდებათ, ეს არააქტიურ ცხოვრების წესზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი არასრულყოფილი ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მის გაუმჯობესებას კი მარტო წყლის სმით სათანადოდ ვერ შეძლებთ.
  •  შეამცირეთ მიღებული ალკოჰოლისა და შაქრის რაოდენობა.
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას ზოგიერთი საკვებიც (ან სასმელი) უწყობს ხელს. მათ შორის პირველ ადგილზე დგას მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი იდეალურია ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად.
მწვანე ჩაი
ნივთიერებათა ცვლას ასევე ხელს უწყობს: სხვადასხვა სანელებლები, წვნიანები, შვრიის ფაფა, ყველი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი. ასევე ძალიან ბევრი ხილი. განსაკუთრებით გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, საზამთრო, მოცვი. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად ზოგიერთი ბოსტნეული და ზღვის პროდუქტებიც ძალიან კარგია. ზღვის პროდუქტი ვიტამინ B12-ის საბადოა. ამას გარდა, კარგი იქნება, თუ მიიღებთ დიდი რაოდენობით კალცს.

ქოლესტერინი
ქოლესტერინთან საბრძოლველად სასურველია შემდეგი პროდუქტები: ზეთისხილი, მიწის თხილი, ნუში, ბრინჯი, შვრია, ნიორი, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი.
ზეთისხილი
თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემას, ქოლესტერინს ადამიანი ვერ გაექცევა, მაგრამ ორგანიზმში მისი რაოდენობის დაბალანსებას ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელბა აქვს.

ადამიანის ორგანიზმი
ხშირად გაიგებთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ ადამიანის რომელ ორგანოს რომელი პროდუქტი უხდება. ქვემოთ შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოთ რა უხდება ადამიანის გულს, ღვიძლს, თირკმელებს. ასევე თვალებსა და რა თქმა უნდა, სისხლს.
გული – გულისთვის ძალიან სასარგებლოა კენკროვანი ხილი: მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი.
კენკრა
ასევე ვაშლი, ფორთოხალი, ავოკადო. ბოსტნეულიდან კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი. თევზეულიდან აღსანიშნავია ორაგული.
ორაგული
გულის ფუნქციონირებისთვის ასევე კარგია ნუში, შვრიის ფაფა, სოიო, ზეითუნის ზეთი და წითელი ღვინო (სამი დალიე…).
ღვიძლი – ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კვებისადმი მგრძნობიარე ორგანოა. მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა ჭამოთ ვაშლი, ლიმონი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, ქლიავი, ფორთოხალი, მსხალი. ბოსტნეულიდან ღვიძლს უხდება ნიორი, ხახვი, ნიახური, ჭარხალი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი.
ყვავილოვანი კომბოსტო
ასევე ძალიან კარგია ქლიავის ჩირი და შვრია.
თირკმელები – ჯანმრთელი თირკმელებისთვის სასრუველია შემდეგი ხილი: საზამთრო, ყურძენი, ვაშლი, მოცვი, ალუბალი, ნესვი, ფორთოხალი. ბოსტნეულიდან: ნიახური, წიწმატი, ისპანახი, ბროკოლი, ხახვი, ნიორი, პომიდორი. თევზეულიდან: სკუმბრია, ქაშაყი. ასევე ზეითუნის ზეთი, კვერცხის ცილა.
თვალები -  თუ გვინდა, რომ კარგი მხედველობა დიდხანს გაგვყვეს, დიდი რაოდენობით C და E ვიტამინები, სპილენძი და თუთია უნდა მივიღოთ. თვალებს ძალიან უხდება თევზეული (ორაგული..), ხიზილალა, კვერცხი და მზეზუმზირის თესლი.
მზესუმზირის თესლი 
ზოგადად სასურველია დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი. მათ შორის კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, პომიდორი, ნიორი, ყურძენი, ავოკადო…
სისხლი – სისხლის მნიშვნელობა ყველას კარგად მოეხსენება. მისი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, სასურველია ხილი (მარწყვი, ბროწეული), ბოსტნეული, თევზეული, ასევე ზეითუნის ზეთი, ნუში და შავი შოკოლადი.

ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული ყველა ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგრამ ხშირად კამათობენ, რომელი ხილი ან ბოსტნეულია უკეთესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ქვემოთ მოყვანილია ტოპ ყველაზე სასარგებლო ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალი. რა თქმა ინდა, ის მეტ-ნაკლებად პირობითია და ზუსტი არ არის, მაგრამ ზოგის ინტერესს დააკმაყოფილებს.
ყველაზე სასარგებლო ხილად მოიაზრებიან:
1. ვაშლი
2. გარგარი
3. გრეიფრუტი
4. ბანანი
5. კენკროვანი ხილი (ჟოლო, მოცვი, მარწყვი, მაყვალი)
6. კივი
7. ალუბალი
8. შავი და მეწამული ყურძენი
9. საზამთრო
10. ბროწეული
 მეწამული ყურძენი 
საბოლოო ჯამში, ყველა ხილი სასარგებლოა და თუ საშუალება გაქვთ, ნებისმიერი ხილი მაქსიმალური რაოდენობით მიირთვით.
ბოსტნეული A, C და K ვიტამინების კარგი წყაროა, ასევე მაგნიუმის, მანგანუმის და კალიუმის. ყველაზე სასარგელო ბოსტნეულად მოიზარებიან:
1. ბროკოლი (თუმცა, საქართველოში მე ის თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის ლამის ჯანმრთელობის სიმბოლოა და ასევე იმითაა ცნობილი, რომ ბავშვების საჭმლისადმი სიძულვილთან ასოცირდება)
2. სტაფილო
3. ყვავილოვანი კომბოსტო
4. ისპანახი
5. პომიდორი
6. ხახვი
7. კომბოსტო
8. ბადრიჯანი
9. ნიორი
10. მუხუდო
11. ბულგარული წიწაკა
12. სოიო
13. ლობიო
14. თალგამი
15. მწვანილი (წიწმატი, მწვანე ხახვი…)
სუბიექტური მიზეზების გამო სიაში არ შევიდა ჭარხალი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა (უბრალოდ მე ვერ ვიტან).

დანართი
ბოლო ნაწილში ცოტა რამ იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ხშირად ვეტანებით და ძალიან გვიყვარს. ბევრ მათგანზე ისეთ რაღაცებს გაიგებთ, რაც არ იცოდით.
შოკოლადი
შოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. იგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ტვინის კარგი სტიმულატორია. შოკოლადის მოხმარება ამცირებს ყელთან დაკავშირებულ პრობლემებს და ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკსაც. ზოგი ექიმი ამტკიცებს, რომ შოკოლადი სქესობრივ აქტივობასაც აძლიერებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შოკოლადის ჭამისას ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. ბედნიერების ჰორმონი პრეგნენოლონი (რასაც მე დავემოწმები). თუმცა, ამ ყველა სასარგებლო თვისებას შავი შოკოლადი უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე რძიანი, ამიტომ, როცა ექიმები შოკოლადს ურჩევენ, როგორც წესი, შავ შოკოლადს გულისხმობენ. რაც შეეხება უარყოფით გავლენას ორგანიზმზე, შოკოლადი შეიძლება აკნეს, ან სხვა მსგავსი კანის პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი ზოგჯერ წონაში მნიშვნელოვნად მატებას იწვევს, რადგან ძალიან მაღალკალორიული პროდუქტია და როგორც წესი (“როგორც წესი”), მისი დიდი რაოდენობით მირთმევა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.
 ყავა 
ყავა ცნობილია, როგორც კარგი საშუალება ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის. მაგალითად, პარკინსონის დაავადების. იგი ასევე ამცირებს ორალური სიმსივნეების, მაგალითად, ხორხის სიმსივნის რისკსაც (თუმცა, ზოგი ექიმის მტკიცებით მან შეიძლება სხვა სახის სიმსივნეების პროვოცირება გამოიწვიოს), იცავს ღვიძლს ციროზისგან. გავრცელებული შეხედულების თანახმად, ყავა აფხიზლებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. იგი ასევე ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფასაც უწყობს ხელს, თუმცა, ადრენალინის ჭარბი დოზა შეიძლება მავნებელიც აღმოჩნდეს. ამასთან, ყავას სხვა უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. იგი ზრდის ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ორგანიზმში რკინის შემცველობას. გარდა ამისა, გაუფილტრავი ხსნადი ყავა საკმაოდ მავნებელია თირკმელებისთვის. ყავა ასევე დაკავშირებულია ძილის პრობლემებთან და ზოგიერთებში შეიძლება პულსის აჩქარების მიზეზიც გახდეს. ამას გარდა, როგორც ყველამ იცის, ყავა კოფეინის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს უკანასკნელი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ მცირე რაოდენობით.
ნაყინი
ნაყინს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. იგი ამცირებს სიმსივნეების რისკს, ასევე შეიცავს ცილებსა და ზოგჯერ ანტიოქსიდანტებს. ეკოლოგიურად სუფთა ნაყინი კალციუმის კარგი წყაროა და გარკვეული რაოდენობით B12 ვიტამინებსაც შეიცავს. იგი ზოგჯერ პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა თირკმლის კენჭების წინააღმდეგ და შესაძლოა, მაღალი პულსის დარეგულირებასაც შეუწყოს ხელი. უარყოფითი მხარეები ისაა, რომ იგი შეცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს, რაც წონის შესანარჩუნებლად არც ისე სასურველია. გარდა ამისა, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც. მაგალითად, ზოგის აზრით ნაყინი სასარგებლოა ქოლესტერინთან საბრძოლველად, ხოლო სხვები ამბობენ, რომ ის ქოლესტერინის საბადოა. არაერთგვაროვანი აზრი არსებობს სისხლში შაქრის დონეზე ნაყინის გავლენასთან დაკავშირებითაც. მთავარი აქაც ზომიერების დაცვაა. ზომიერების ფარგლებში არც ცუდი ნაყინი იქნება მნიშვნელოვნად მავნებელი და კარგი ნაყინიც მაქსიმალურად არგებს ჩვენს ორგანიზმს.
საკონდიტრო ნაწარმი
საკონდიტრო ნაწარმში იგულისხმება ტკბილი ფუნთუშები, ორცხობილები, ნამცხვრები, ტორტები. ფუნთუშებსა და ორცხობილებს ადამიანის ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ადამიანი დიდი რაოდენობით ცომსა და შაქარს იღებს. ცომი წონის მატებას უწყობს ხელს, ხოლო შაქარი არც წონის შესანარჩუნებლადაა სასურველი და დიაბეტის რისკსაც ზრდის. მსგავს პროდუქტებში ბევრი რამაა დამოკიდებული ხარისხზე. მაღალი ხარისხის ნამცხვარი ან ტორტი სასარგებლოცაა, თუ მას ზომიერი რაოდენობით მივირთმევთ. ტორტები და კრემიანი ნამცხვრები აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. მსგავსი პროდუქცია დღეს მასობრივად იყიდება მაღაზიებში, მაგრამ ცოტა თუ იცავს შენახვის ნორმებს. ტორტები და კრემიანი ნამცხვრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საჭიროზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება (ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით), სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ხდება.
გამაგრილებელი სასმელები
გამაგრილებელი (გაზიანი) სასმელები, როგორც წესი, დაბალ კვებით ღირებულებასთან, სიმსუქნესთან, დიაბეტის რისკთან და კარიესის პრობლემებთან ასოცირდება. გარდა ამისა, მათი სრული უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ კვებით დანამატებს შეიცავს და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. მზრუნველი ექიმი გასაგრილებლად ცივ შხაპს უფრო გირჩევდათ, ვიდრე გამაგრილებელ სასმელებს.
ლუდი
ლუდს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს B ვიტამინს და ზოგიერთ ორგანულ ნივთიერებას. მათ შორის კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სოდას. ლუდს ბევრი კარგი თვისება აქვს: ამცირებს გულის დაავადებების, ზოგჯერ კი გულის შეტევის რისკსაც. ასევე სასარგებლოა სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და თირკმლის კენჭების პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მთავარი მათ შორის მაინც ღვიძლზე მისი ზემოქმედებაა. ლუდის გადაჭარბებული მოხმარება ღვიძლისთვის ძალიან მავნებელია და ციროზის (ღვიძლის დაშლა) პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, ლუდი მაღალკალორიული პროდუქტია და წონის (განსაკუთრებით ღიპის) პრობლემებთანაც ხშირად ასოცირდება.
არაყი
არაყიც, ისევე როგორც ლუდი შეიცავს ვიტამინ B-ს. ასევე კალიუმს, ფოსფორს, სოდას. ამასთან, ლუდისგან განსხავებით არაყი დაბალკალორიულია. მაღალი ხარისხის არაყი ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლის საშუალებად სახელდება. მაგალითად, პარკინსონის დაავადების, გულის დაავადებების. ზოგის მტკიცებით არაყი ამცირებს სიმსივნეების რისკს. არაყს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელს. მართლაც, ზოგიერთი ექიმი გვირჩევს ყოველდღიურად არყის მცირე რაოდენობით მიღებას, რადგან იგი ებრძვის ინფექციებსა და ვირუსებს ადამიანის ორგანიზმში, ასევე მაღალი წნევებისა და გულის შეტევის რისკსაც ამცირებს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, არყის გადაჭარბებული რაოდენობა ადამიანის ორგანიზმისთვის გამანადგურებელი შედეგის მომტანია. იგი აფერხებს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას, ვნებს ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ღვიძლს და ისევე, როგორც ლუდი, ღვიძლის დაშლის “საუკეთესო” და უსწრაფესი საშუალებაა.
კონიაკი
კონიაკს თითქმის ისეთივე თვისებები აქვს, როგორიც არაყს. ის გვეხმარება ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებაში, ისევე, როგორც გულის შეტევებისა და მაღალი წნევების. კონიაკი ინფექციების წინააღმდეგაც საკმაოდ ეფექტური ალკოლჰილია. ერთ-ერთმა გამოვკლევამ აჩვენა, რომ იგი შესაძლოა C ვიტამინის კარგი წყაროც იყოს. ასევე შეიცავს გარკვეული რაოდენობით სპილენძსაც. კონიაკსაც მეტ-ნაკლებად ანალოგიური უკუეფექტები მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ღვიძლის დისფუნქციისა, იგი გულის დაავადებებისა და დიაბეტის პოტენციური საფრთხის მატარებელიცაა.
ღვინო
ღვინო უძველესი დროიდან მოიაზრება, როგორც სასარგებლო ალკოჰოლური სასმელი. მას დიდი ხნის წინ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად ღვინო მართლაც იდეალურია. ზომიერი რაოდენობით მისი მიღება ამცირებს გულის, სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ასევე ძალიან სასარგებლოა ძვლების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამ უკანასკნელისთვის ოდნავ ზედმეტი დოზაც კი უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება სიმსივნეების რისკს, ამასთან დაკავშირებით ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. თუმცა, ღვინის მცირე რაოდენობით მიღებას არც ერთი ექიმი არ კრძალავს, თუ რაიმე დაავადებასთან არ გვაქვს საქმე. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ღვინო დიაბეტის მაპროვოცირებელია, რაც სრული სიცრუეა. პირიქით, ღვინო ძალიან კარგი საშუალებაა სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად. ბევრი მკვლევარი ასკვნის, რომ ის, ვინც ღვინოს რეგულარულად სვამს, ნაკლებად აწუხებს მხედველობის პრობლემები და რომ იგი აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებას. ზოგადად მიიჩნევა, რომ შედარებისთვის, ის ვინც ღვინოს ყოველდღიურად, მცირე რაოდენობით სვამს, როგორც წესი, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ სვამს. რაც შეეხება ღვინის უარყოფით მახასიათებლებს, ისინი უამრავია და მეცნიერები მათზე ბოლომდე ჯერაც ვერ შეთანხმებულან. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ღვინო ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია და უამრავ დაავადებას იწვევს, ხოლო ზომიერი რაოდენობით ის იდეალურია. ყველაზე სასარგებლოდ კი წითელი ღვინო მიიჩნევა. რაც შეეხება ზომიერებას, ის მაინც პირობითია, რადგან ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ნორმა აქვს, საკუთარი ასაკის, ფიზიკური მონაცემებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.
http://ucnauri.com

Monday, July 29, 2013

ათი „ოქროს ციტატა“ აინშტაინისგან



ალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.
ეს კი მისი 10 გამონათქვამია, სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.
1. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება.
ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს.
2. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს. 30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.
3. ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს.
ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.
4. შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.
5. ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი. თუ შევხედავთ დიდ ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.
6. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში – სასწაულია. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.
7. როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი. მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.
8. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.
9. ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში. ყოველივე გენიალური – მარტივია.
10. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

გთავაზობთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)


შედეგები

შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე (
www.naec.geonline.naec.ge) იქნება შესაძლებელი. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.


შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. 2013 წელს სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად (ინტერნეტით), ვებგვერდებზე www.naec.geonline.naec.ge.  
წყარო: naec.ge

Saturday, July 27, 2013

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სერტიფიცირების მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების შერჩევა.
სამინისტრო უზრუნველყოფს:
1. კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ჩატარებას;
2. კონკურსანტებისათვის კეთილგანწყობილი, კომფორტული და თანაბარი პირობების შექმნას.
სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია  2013 წლის 25 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (http://directors.mes.gov.ge/) ელექტრონულად განხორციელდება, კონკურსანტის მიერ ლიბერთი ბანკის (Liberty Bank) შესაბამის ანგარიშზე რეგისტრაციის მოსაკრებლის გადახდის შემდგომ.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება, შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.
გამოცდები, 21-22 აგვისტოს ჩატარდება. მანამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება:
  1. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი;
  2. ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ;
  3. მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა;
  4. ინსტრუქცია ტესტირებისას კომპიუტერთნ მუშაობის წესების შესახებ;
  5. ტესტური დავალებების ნიმუშები.
გამოცდა კონკურსანტის კომპეტენციას და უნარებს შეამოწმებს და მასალის დაზეპირებაზე ორიენტირებული არ იქნება. გამოცდის დაწყებამდე, საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები კონკურსანტებს სრულ სამუშაო ინსტრუქციას გააცნობენ.
გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ, კონკურსანტი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.
იმ პირებს, რომლთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ, პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.

Wednesday, July 24, 2013

გთავაზობთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს



შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე  არის შესაძლებელი. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგები

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. 2013 წელს სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად (ინტერნეტით), ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

ელექტრონული აპელაციის დეტალური ინსტრუქცია განთავსდება რამდენიმე დღეში.

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა) შედეგებს

შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე  არის შესაძლებელი. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგები

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. 2013 წელს სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად (ინტერნეტით), ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

ელექტრონული აპელაციის დეტალური ინსტრუქცია განთავსდება რამდენიმე დღეში.

Tuesday, July 23, 2013

ქართული ენისა და ლიტერატურის (I და II ვარიანტი) გამოცდის შედეგები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! 23 ივლისს განთავსდა ქართული ენისა და ლიტერატურის (I და II ვარიანტი) გამოცდის შედეგები

შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.geonline.naec.ge) იქნება შესაძლებელი. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგები

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. 2013 წელს სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად (ინტერნეტით), ვებგვერდებზე www.naec.geonline.naec.ge.

ელექტრონული აპელაციის დეტალური ინსტრუქცია განთავსდება რამდენიმე დღეში.
გაითვალისიწნეთ, საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე იქნება შესაძლებელი.
2013 წლიდან მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება - შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ განაცხადში მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელიც თქვენ მიერ არჩეულ გამოცდებს მოითხოვს - საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის.

Sunday, July 21, 2013

ვაცლავ ჰაველის საჯარო გამოსვლა ჰარვარდის უნივერსიტეტში

„პატივი უნდა ვცეთ უზენაეს ფასეულობებს: სამყაროს, დედამიწას, ბუნებას, სიცოცხლეს და რეალობას“


 ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ, 1995 წლის         12 მაისი
ვაცლავ ჰაველი ამას წინათ ზღვისპირა რესტორანში ვიჯექი, ღია ცის ქვეშ.  ჩემი სკამი თითქმის ისეთივე იყო, როგორებიც მინახავს პრაღის რესტორნებში მდინარე ვლტავის ნაპირას. უკრავდნენ ისეთსავე როკმუსიკას, როგორსაც უკრავენ  ჩეხეთის რესტორნებში. ვხედავდი რეკლამებს, რომლებიც ჩემს სამშობლოშიც მინახავს. გარს მეხვივნენ ახალგაზრდები, რომლებიც სვამდნენ და ისევე ლაღად იქცეოდნენ, როგორც - მათი თანატოლები პრაღაში. ერთადერთი, რაც მათ განასხვავებდა, იყო სახეები, რადგან ამჯერად სინგაპურში ვიმყოფებოდი. ფიქრებმა გამიტაცა და კვლავ  - მერამდენეჯერ - ჩავწვდი ბანალურ ჭეშმარიტებას: ჩვენ ვცხოვრობთ ერთ გლობალურ ცივილიზაციაში. ამ ცივილიზაციის იდენტურობას არ განაპირობებს ტანსაცმლის მსგავსება, ან ერთნაირი სასმელი, ან ერთნაირი სარეკლამო მუსიკა მთელ მსოფლიოში, ან თვით საერთაშორისო რეკლამა. მისი არსი უფრო ღრმაა: განუხრელი პროგრესისა და მისთვის დამახასიათებელი ექსპანსიონიზმის, ასევე - მეცნიერების სწრაფი განვითარების შედეგად ჩვენი პლანეტა - პირველად კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში - მოიცვა ერთიანმა ცივილიზაციამ, რომელიც, თავისი არსით, ტექნოლოგიური ხასიათისაა.
ამჟამად მსოფლიო გაბმულია ტელესაკომუნიკაციო კავშირების ქსელში, რომელიც შედგება მილიონობით პაწაწინა ძაფისგან ან კაპილარისგან. ისინი არა მარტო ელვის სისწრაფით გადასცემენ ყოველნაირ ინფორმაციას, არამედ ავრცელებენ კიდეც სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ინტეგრირებულ მოდელებს, სამართლებრივ ნორმებს. მათში "გაედინება" მილიარდობით დოლარიც, რომლებიც უჩინარია იმათთვისაც კი, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ საქმიანობაში.
ადამიანების ცხოვრება დედამიწის ყველა კუთხეში ურთიერთდაკავშირებულია არა მარტო ინფორმაციული, არამედ - მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისითაც. მახსენდება - ისევე, როგორც სინგაპური გამახსენდა,  - რომ სინგაპურის ერთ-ერთი ბანკის კლერკმა გააკოტრა ბანკი დედამიწის სხვა ნაწილში. ჩვენი ცივილიზაციის მიღწევათა წყალობით პრაქტიკულად ყველამ იცის, რა სახის ჩეკები, ობლიგაციები, თამასუქები და აქციები არსებობს.  ჩვენთვის ნაცნობია CNN-ი და ჩერნობილი, ვიცით, ვინ არიან "როლინგ სთოუნის" წევრები, ნელსონ მანდელა ან სალმან რუშდი. მეტსაც გეტყვით: კაპილარები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ცივილიზაცია ამჟამად რადიკალურადაა ინტეგრირებული, უკვე გადასცემენ ინფორმაციას ადამიანთა თანაარსებობის გარკვეული წესების შესახებ, რომელთაც დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება. ასეთებია, მაგალითად, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, ბაზრის კანონები. ამგვარი ინფორმაციული ნაკადები მოიცავს მთელ მსოფლიოს, ფესვს იდგამს სხვადასხვა კუთხეში.
ეს გლობალური ცივილიზაცია ჩაისახა ჩვენს ეპოქაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობენ ევროპული და, საბოლოო ანგარიშში, ევროამერიკული კულტურის ხალხები. ისტორიულად ის განვითარდა კლასიკური, ებრაული და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმის შედეგად. "მივხვდი, რაოდენ პატარაა ეს სამყარო და რამდენი უბედურების თავიდან აცილება შეიძლება, თუ ადამიანები გამოიჩენენ მეტ გაბედულებას, მეტ ოპტიმიზმს, მეტ პასუხისმგებლობას, მეტ ურთიერთგაგებასა და სიყვარულს". ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ის არა მარტო აკავშირებს ერთმანეთთან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ აწვდის კიდეც კოორდინირებულ საშუალებებს გავრცელებულ საშიშროებათაგან თავის დასაცავად. მას, ასევე, შეუძლია უპრეცედენტო მასშტაბით გაგვიადვილოს ცხოვრება და წარმოაჩინოს არნახული შესაძლებლობები საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესამეცნებლად.
და მაინც, ამაში რაღაც არასწორია.
ნება მომეცით, ამ საზეიმო ღონისძიებაზე შევჩერდე იმ თემაზე, რომლის შესახებაც ხშირად ვმსჯელობ ხოლმე მსგავს შემთხვევებში. კერძოდ, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საშიშროების წყაროზე, რომელიც ემუქრება კაცობრიობას, მიუხედავად გლობალური ცივილიზაციისა, ხშირად კი - მისი მიზეზითაც. უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ, რა სახის საშიშროებებს შეიძლება წავაწყდეთ.
ვფიქრობ, ჩვენ წინაშე წამოჭრილი მრავალი პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ გლობალური ცივილიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა ცნობიერების მარტოოდენ სიფრიფანა საბურველი. ეს ცივილიზაცია ძალზე ნორჩია, ახალგაზრდა, სუსტი, და კაცობრიობამ ის თავბრუდამხვევი სისწრაფით გაითავისა, ისე, რომ თვითონ, არსებითად, არ შეცვლილა. კაცობრიობამ თანდათანობით და მრავალფეროვნად ჩამოაყალიბა ჩვენი აზროვნების წესები, დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ქცევის მოდელები და ღირებულებები, რომლებიც უნდა ავითვისოთ და ვაღიაროთ. არსებითად, მსოფლიო ცივილიზაციის ეს ახალი ერთადერთი ეპიდერმისი მხოლოდ ფარავს ან ნიღბავს კულტურების, ხალხების, რელიგიების, ისტორიული ტრადიციებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების უზარმაზარ მრავალფეროვნებას, რომლებიც მან, გარკვეული გაგებით, გადაფარა. თუმცა მსოფლიო ცივილიზაციის ეს საბურველი ფართოვდება, კაცობრიობის ყოფიერების ქვედა შრე, ფარული განზომილება სულ უფრო მეტად საჭიროებს  მის გათვალისწინებას და არსებობის უფლების მინიჭებას. 
ამგვარად, თუმცა მთელი მსოფლიო სულ უფრო მეტად ითვისებს გლობალური ცივილიზაციის ახალ ჩვევებს, მიმდინარეობს მეორე, საპირისპირო პროცესიც - ძველთაძველი ტრადიციების აღორძინება, განსხვავებული რელიგიებისა და კულტურების გამოღვიძება, მათ მიერ ახალი სივრცეების დაპყრობა, სულ უფრო მგზნებარე მცდელობები იმისა, რომ გააზრებულ იქნეს მათი უნიკალური თავისებურებები. საბოლოო ანგარიშში, ისინი მიისწრაფვიან, პოლიტიკური ასპექტში გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალობა.
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენს დროში ყოველი პატარა მინდორიც კი იბრძვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მრავალი ერი ან, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი ებრძვის თანამედროვე ცივილიზაციას ან მის მთავარ მომხრეებს, რათა საშუალება ჰქონდეთ, თაყვანი სცენ თავიანთ ძველთაძველ ღმერთებს და იცხოვრონ უძველესი ღვთაებრივი მცნებების შესაბამისად. ისინი იყენებენ მათთვის საძულველი ცივილიზაციის ყვლა პროდუქტს - რადარებს, კომპიუტერებს, ლაზერებს, ნერვულ-პარალიტიკურ აირებს და, შესაძლოა, მომავალში ბირთვულ იარაღსაც მიმართონ. ამ ტექნოლოგიურ გამოგონებათაგან განსხვავებით, ცივილიზაციის სხვა პროდუქტები, მაგალითად, დემოკრატია ან იდეა ადამიანის უფლებების შესახებ, მიუღებელია მსოფლიოს მრავალ კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან, მათი აზრით, არ შეესაბამება ადგილობრივ ტრადიციებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროამერიკულმა სამყარომ შეაიარაღა დედამიწის სხვადასხვა ნაწილი იმ საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად გაანადგურონ ცივილიზაციის მონაპოვრები. სწორედ მათი წყალობით განხორციელდა ამ საშუალებების გამოგონება, მაგრამ ისინი ხელს უშლიან ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას დედამიწაზე.
რა გამომდინარეობს აქედან?
ჩემი რწმენით, ამგვარი მდგომარეობა საგანგაშოა და ის ეხება არა მარტო ევროამერიკულ სამყაროს, არამედ - მთელ ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციას. შესაბამისად, ამ ცივილიზაციამ უნდა გაიაზროს საკუთარი თავი, როგორც მულტიკულტურულმა და შინაგანად წინააღმდეგობრივმა ცივილიზაციამ, რომელმაც კულტურისა და ცივილიზაციის განსხვავებული სფეროების ინდივიდუალობის განადგურებას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, არამედ უნდა შექმნას პირობები მათი სრული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. ეს მიზანი შესაძლებელი და რეალური გახდება მაშინ, როდესაც ჩამოვაყალიბებთ თანაარსებობის საბაზისო კოდექსს, ერთგვარ საერთო მინიმუმს, რომელიც თანაარსებობის საშუალებას მოგვცემს. მიუხედავად ამისა, ამგვარი კოდექსის შექმნა უნაყოფო იქნება, თუ კაცობრიობის გარკვეული - მცირერიცხოვანი - ნაწილი იძულებით თავს მოახვევს მას სხვებს. ის უნდა იყოს მთელი კაცობრიობის იმ ჭეშმარიტი სულიერი ფესვებიდან ამოზრდილი მისწრაფება, რომლებიც ჩანერგილია ჩვენი საერთო, გლობალური ცივილიზაციის კანქვეშ. თუკი ასეთი კოდექსი, უბრალოდ, გავრცელდება ამ კანის კაპილარების მეშვეობით, კოკა-კოლას მსგავსად - როგორც ერთგვარი შეთავაზება -  ის ვერ შეასრულებს ღრმა ან უნივერსალური საშუალების ფუნქციებს.
მაგრამ შესწევს თუ არა კაცობრიობას ამგვარი ძალისხმევის უნარი? ეს იმთავითვე უსაფუძვლო, უტოპიური იდეა ხომ არაა? იქნებ, ვეღარ განვკარგავთ ჩვენსავე ბედ-იღბალს და განწირულნი ვართ იმისთვის, რომ თანდათანობით ამოვწყდეთ კულტურათა შორის მაღალტექნოლოგიური შეტაკებების შედეგად, იმის გამო, რომ არ შეგვიძლია, ერთობლივად წინ აღვუდგეთ ეკოლოგიურ, სოციალურ თუ დემოგრაფიულ, ან კიდევ - თვით ჩვენი ცივილიზაციის მდგომარეობით განპირობებულ კატასტროფებს?
არ ვიცი.
მაგრამ იმედს არ ვკარგავ. 
იმედს არ ვკარგავ, რადგან სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ კულტურათა უმრავლესობის სიღრმეში შეიმჩნევა არსებითი მსგავსება, ის, რაც შეიძლება იქცეს - თუკი ამის სურვილი გვექნება- ამოსავალ პუნქტად ხალხთა თანაარსებობის ამ ახალი კოდექსისთვის, რომელმაც შეიძლება გაამყაროს ჩვენი ტრადიციების მრავალფეროვნება.
ხომ არ უნდა ვეძიოთ რელიგიებისა და კულტურების საფუძვლებში (თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან) საერთო ელემენტები, მაგალითად, მოწიწება ყოფიერების საიდუმლოსა თუ ზნეობრივი კოდექსის მიმართ; პატივისცემა ჩვენი მეზობლებისა თუ ჩვენი ოჯახის,  ხელისუფლების, ადამიანის ღირსებისა თუ ბუნების მიმართ? სოლიდარობისა და კეთილმოსურნეობის გრძნობა სტუმრების მიმართ, რომლებიც კეთილი ზრახვებით მოდიან ჩვენთან?
იქნებ, ჩვენი განსხვავებული სულიერების (რომელიც, არსებითად, ერთი და იმავე რეალობის სხვადასხვაგვარ აღქმას ემყარება) უძველესი საერთო წარმომავლობა ისაა, რასაც შეუძლია ჭეშმარიტად გააერთიანოს განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლები?
ხომ არ წარმოადგენს ამ არქეტიპული ცნობიერების უძველესი მცნებები იმას, რასაც თვით არარელიგიური ადამიანიც კი ქვეშეცნეულად სრულყოფილებისა და ღირსების გამოხატულებად მიიჩნევს??
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ თანამედროვე ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ უძველეს ღვთაებებს და ააღორძინონ ძველთაძველი, დავიწყებული რიტუალები. სრულიად სხვა რაიმეს გთავაზობთ: უნდა ჩავწვდეთ ღრმა კავშირს თუ ნათესაობას ჩვენი სულიერების განსხვავებულ ფორმებს შორის. უნდა გავიხსენოთ ის თავდაპირველი სულიერი თუ მორალური სუბსტანცია, რომლიდანაც ამოიზარდა კაცობრიობის ძირეული გამოცდილება. ვფიქრობ, ესაა ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ახლებურად, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სამყაროს წინაშე. ამავე დროს, მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ უფრო ღრმა ურთიერთგაგებას კულტურებს შორის, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ერთად შეიმუშაონ თანაარსებობის მართლაც უნივერსალური ახალი წესი მთელი მსოფლიოსთვის.
გლობალური ცივილიზაციის საფარი, რომელშიც გახვეულია თანამედროვე სამყარო და კაცობრიობის ცნობიერება, როგორც ვიცით, გაორებული ბუნებისაა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ამოსავალ ფასეულობებს. ამ ცივილიზაციის ათასობით შესანიშნავ მიღწევას, რომლებიც ეგზომ აუმჯობესებენ ჩვენს ყოფას, შეუძლიათ ასევე, გააღარიბონ, შეამოკლონ და გაანადგურონ ჩვენი ცხოვრება და ხშირად ასეც ხდება. ადამიანთა მომსახურების ნაცვლად, ბევრი ამგვარი მიღწევა იმონებს მათ. პიროვნული თვითგამოხატვის გაიოლების მაგივრად, ისინი ხელს უწყობენ ადამიანთა დეინდივიდუალიზაციას. თითქმის ყოველმა აღმოჩენამ ან გამოგონებამ - ატომის გახლეჩიდან და დნკ-ს აღმოჩენიდან დაწყებული, ტელევიზიითა და კომპიუტერით დამთავრებული - შეიძლება ზიანი მოგვაყენოს და მათ იყენებდნენ კიდეც ჩვენ წინააღმდეგ. პირველ მსოფლიო ომთან შედარებით, ამჟამად გაცილებით უფრო ადვილია მთელი მეგაპოლისის განადგურება ერთადერთი საჰაერო თავდასხმით. ასევე, ტელევიზიის ეპოქაში ისეთ შეშლილებს, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი ან სტალინი, გაცილებით გაუადვილდებოდათ მთელი ერის სულიერების შერყვნა. კაცობრიობას ახლა შეუძლია პლანეტის კლიმატის შეცვლა, ასევე - მისი წიაღისეული რესურსებისა და მისი მდიდარი ფლორისა და ფაუნის განადგურება სულ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ხოლო ტერორისტებს ამჟამად უფრო მეტი გამანადგურებელი პოტენციალი აქვთ,  ვიდრე ამ საუკუნის დასაწყისში.  
     როგორც ჩანს, ჩვენს ეპოქაში ადამიანის ტვინის ერთი - რაციონალური -  ნაწილი, რომელმაც განახორციელა ყველა ეს მორალურად ნეიტრალური აღმოჩენა, არაჩვეულებრივად განვითარდა, მაშინ, როდესაც კატასტროფულად ჩამორჩა მეორე ნაწილი, რომელიც ფხიზლად უნდა იყოს, რათა ამ აღმოჩენების შედეგად კაცობრიობა არ გადაშენდეს.
მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები, როდესაც ვუფიქრდები კაცობრიობის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს, ყოველთვის ვუბრუნდები საკითხს ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც თითქოს უნარი არ შესწევს, ფეხი აუწყოს ცივილიზაციას და თავიდან აიცილოს საშიშროება, რომელსაც ეს უკანასკნელი უქადის კაცობრიობას. 
     უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს. მხოლოდ მეოცნებე თუ დაიჯერებს, რომ საკითხი შეიძლება მოგვარდეს ცივილიზაციის პროგრესის შეკვეცის გზით (ამა თუ იმ ფორმით). უახლოეს ეპოქებში სხვა ამოცანა უნდა გადავჭრათ - ესაა პასუხისმგებლობის გრძნობის რადიკალური გამძაფრება. ჩვენი სინდისი უნდა დაეწიოს ჩვენსავე გონებას, სხვა შემთხვევაში დავიღუპებით.
ღრმად მწამს, რომ არსებობს ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი ხერხი: უარი უნდა ვთქვათ ანთროპოცენტრისტულ შეხედულებაზე, რომ ადამიანი სამყაროს მეუფეა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს. პატივი უნდა ვცეთ უზენაეს ფასეულობებს: სამყაროს, დედამიწას, ბუნებას, სიცოცხლეს და რეალობას. ჩვენი პატივისცემა სხვა ადამიანების, სხვა ხალხებისა და სხვა კულტურების მიმართ მხოლოდ გაიზრდება, თუ პატივს ვცემთ კოსმიურ წესრიგს და გავაცნობიერებთ, რომ მისი ნაწილი ვართ, რომ ჩვენი ნამოქმედარი კი არ იკარგება, არამედ ყოფიერების მარადიული მეხსიერების ნაწილად იქცევა და სათანადოდ განისჯება.
ამგვარად, აშკარაა, რომ კაცობრიობის მომავლის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის გაჯერება სულიერებით. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა გავიაზროთ მისი მულტიკულტურული ხასიათი და ძალ-ღონე არ დავიშუროთ ახალი მსოფლწესრიგის შექმნისთვის, ყველა კულტურის საერთო ფესვების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ცივილიზაცია შექმნა სწორედ ევროამერიკულმა კულტურულმა სფერომ და კაცობრიობას შთააგონა დამღუპველი სიამაყე - ახლა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სულიერ ფესვებს და ჩვენი თავმდაბლობით მაგალითი მივცეთ მთელ მსოფლიოს.
ამგვარი ზოგადი შენიშვნების გამოთქმა, რა თქმა უნდა, ძნელი არაა და  აქ არაფერია ახალი ან რევოლუციური. თანამედროვე ადამიანები დაოსტატდნენ ჩვენ მიერ შექნილი სამყაროს კრიზისისა და უბედურებების აღწერაში, რომელთა გამო პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება. გაცილებით ნაკლებად ხელგვეწიფება ჩადენილის გამოსწორება.
რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად?
არ მჯერა, რომ არსებობს რაღაც უნივერსალური საშუალება ან პანაცეა. არ ვემხრობი იმას, რასაც კარლ პოპერმა უწოდა "გლობალური სოციალური ინჟენერია", კერძოდ, იმიტომ, რომ ჩემი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე იმ პირობებში, რომლებიც გლობალური მარქსისტული უტოპიის შექმნის მცდელობათა შედეგს წარმოადგენდა. ამიტომ საკმარისად კარგად ვიცი, რა მოჰყვება ამგვარ მცდელობებს.
თუმცა ეს არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან სამყაროს ბედ-იღბალთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ძნელი არაა, გავუღვიძოთ ადამიანებს პასუხისმგებლობის ახალი გრძნობა სამყაროს მიმართ, ვასწავლოთ ისეთი ქცევა, თითქოს დედამიწაზე სამარადჟამოდ უნდა ვიცხოვროთ და ჩავაგონოთ იმის შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ პასუხს მოსთხოვენ. ვინ იცის, რამდენი საზარელი კატაკლიზმის განცდა მოუხდება კაცობრიობას, სანამ პასუხისმგებლობის ასეთი გრძნობა ჩვევად გადაექცევა. ეს არ ნიშნავს, რომ საქმე სახვალიოდ უნდა გადავდოთ. მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, მხატვრებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულ აქტიურ ადამიანებს.
უპირველეს ყოვლისა, ესაა პოლიტიკოსთა ამოცანა.
თვით ყველაზე დემოკრატიულ პირობებშიც კი პოლიტიკოსებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ ხალხზე, უფრო მეტი, ვიდრე თვითონ ჰგონიათ. ეს ზეგავლენა მდგომარეობს არა მათ ფაქტობრივ უფლებამოსილებებში, რომლებიც, არსებითად, შეზღუდულია, არამედ სპონტანურ ზემოქმედებაში, რომელსაც ახდენს მათი ქარიზმა საზოგადოებაზე.
ჩემი აზრით, პოლიტიკოსთა თანამედროვე თაობის ამოცანას არ წარმოადგენს საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, და არც ტელეეთერში კეკლუცობა. ეს არც არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაა და არც მყუდრო, შემოსავლიანი სამუშაო ადგილის შოვნა. მათი როლი სხვაა: პოლიტიკოსებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობის ნაწილი ჩვენი სამყაროს მომავლის გამო და, ამგვარად, მაგალითი აჩვენონ საზოგადოებას. მათი ამოცანა ისაა, რომ გაბედულად განჭვრიტონ მომავალი, არ შეუშინდნენ ბრბოს არაკეთილგანწყობას, განიმსჭვალონ მაღალი სულიერებით (რაც, რა თქმა უნდა, მღვდელმსახურებაზე განზრახ დასწრებაში არ მდგომარეობს), განუწყვეტლივ განუმარტონ საზოგადოებრიობასაც და თავიანთ კოლეგებსაც, რომ პოლიტიკის მიზანი არ მდგომარეობს ცალკეული ჯგუფებისა და ლობისტების ინტერესთა დაცვაში. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, ესე იგი, ზნეობრივი უნდა იყოს. რამდენად უფრო კეთილშობილურია, ემსახურებოდე საზოგადოებასა და მორალს, ესე იგი, ზრუნავდე თვით ადამიანთა მოდგმის გადარჩენისთვის!
არ მგონია, რომ პოლიტიკოსი, რომლიც ამ სარისკო გზას დაადგება, გარდუვალად საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის პოლიტიკურ რეპუტაციას. ამ მცდარი გაგების თანახმად, მოქალაქე ბრიყვია, ხოლო პოლიტიკური წარმატების საფუძველი ისაა, რომ პოლიტიკოსი მისი სიბრიყვით სარგებლობს. ეს ასე არაა. სინდისი - ეს ღვთაებრივი რამ - ყოველ ადამიანს აქვს, რაც მტკიცედ უნდა გვჯეროდეს.
ქალბატონებო და ბატონებო! მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში ვიმყოფები. თქვენი ნებართვით, რამდენიმე სიტყვით დავახასიათებ ამ დიადი სახელმწიფოს პოლიტიკას.
მათ, ვინც აღჭურვილია ყველაზე მეტი ძალაუფლებითა და გავლენით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მოგვწონს ეს თუ არა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი სამყაროს ბედ-იღბლის გამო. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ძალზე ღრმად უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა.
იზოლაციონიზმი შეერთებული შტატებისთვის არასოდეს ყოფილა მომგებიანი. ის რომ უფრო ადრე ჩართულიყო პირველ მსოფლიო ომში, ალბათ, ამდენად არ დაზარალდებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შესახებ: როდესაც ჰიტლერი ემზადებოდა ჩეხოსლოვაკიის დასაპყრობად იმ იმედით, რომ დასავლურ დემოკრატიებს გამბედაობა არ ეყოფოდათ მასთან საბრძოლველად, თქვენმა პრეზიდენტმა წერილობით მიმართა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს და სთხოვა, შეთანხმება დაედო ჰიტლერთან. მას რომ არ მოეტყუებინა საკუთარი თავი და მთელი მსოფლიო (როდესაც ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა იმ შეშლილთან), ანუ ჰიტლერს რომ ეგრძნო საშიშროება შეერთებული შტატების მხრივ, მეორე მსოფლიო ომში ათეულობით ათასი ახალგაზრდა ამერიკელი არ დაიღუპებოდა.
გარდა ამისა, ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტს, რომელიც სხვა მხრივ გამოჩენილი პიროვნება გახლდათ, მკაფიოდ რომ ეთქვა "არა" სტალინის წინადადებაზე მსოფლიოს გადანაწილების შესახებ, ალბათ, ცივ ომს, რომელიც აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა, თავიდან ავიცილებდით.
გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ამგვარ შეცდომებს! ისინი საკმაოდ ძვირი დაგიჯდათ! ძლევამოსილი სახელმწიფო გაქვთ და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პასუხისმგებლობა.
ახლა უფრო მეტი საშიშროების წინაშე ვდგავართ და გამოსავალს არ წარმოადგენს იმათი მცდელობების აღკვეთა, ვისაც სურს, კვლავ გადაანაწილოს მსოფლიო ინტერესთა სფეროებად და დაიმორჩილოს სუსტი ქვეყნები. ახლა უნდა გადავარჩინოთ კაცობრიობა. ესაა ის საკითხი, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრე: თანამედროვე ცივილიზაციის, როგორც მულტიკულტურული და მულტიპოლარული ცივილიზაციის აღქმა, საკაცობრიო კულტურის ორიგინალური სულიერი წყაროების და, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი კულტურის პატივისცემა, ძალების მოკრება გაბედული და კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად - ახალი მსოფლწესრიგის ჩამოსაყალიბებლად.
არც ისე დიდი ხნის წინ დავესწარი წვეულებას, რომელზეც მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავდნენ. თანამედროვე სახელმწიფოების ორმოცდაათი მეთაური მოვიდა, რათა პატივი მიეგოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომის გმირებისა და მსხვერპლთათვის. ეს პოლიტიკური კონფერენცია კი არ იყო, არამედ საზოგადოებრივი ღონისძიება, რომლის დანიშნულებაც გახლდათ მოწვეული სტუმრების მიმართ სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის გამოხატვა. როდესაც მაგიდებთან სტუმრების განაწილების გეგმა ვნახე, გაოცებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეზობლები ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებად კი არ იყვნენ დასახელებულნი, არამედ - "გაეროს  უშიშროების საბჭოს და G7-ს მუდმივი წევრების" სახით. დავიბენი. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ამა ქვეყნის ძლიერთ ვნახავ და შევძლებ მათთან გასაუბრებას არაფორმალურ ვითარებაში-მეთქი. მეორე მხრივ, დავფრთხი, რადგან ეს იყო ყველაზე მსხვილი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი მაგიდა. გავიფიქრე, რომ მაგიდასთან მსხდომნი, რუსულ ხიზილალასთან ერთად, ისე გაგვანაწილებდნენ ერთმანეთს შორის, რომ ანგარიშს არ გაუწევდნენ ჩვენს აზრს. შესაძლოა, ეს იყო დრამატურგის ფანტაზია. მაგრამ ყოველივე ეს გიამბეთ ერთი უბრალო მიზეზის გამო: რათა გაჩვენოთ უფსკრული, რომელიც არსებობს მსხვილი სახელმწიფოების პასუხისმგებლობასა და მათ ქედმაღლობას შორის. მაგიდებთან გაგვანაწილა კაცმა (ვფიქრობ, ეს არ იყო არც ერთი იქ მყოფი პრეზიდენტი), რომელსაც ამოძრავებდა არა პასუხისმგებლობის გრძნობა, არამედ - ბანალურად - სიამაყე ამა ქვეყნის ძლიერთა გამო.
მაგრამ სიამაყე ისაა, რაც სამყაროს ჯოჯოხეთში მიიყვანს. გთავაზობთ ალტერნატივას: უდრტვინველად ვიკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენს სამყაროში მიმდინარე მოვლენების გამო. 
არსებობს ერთი შესანიშნავი პერსპექტივა საკითხში ხალხებისა და ცივილიზაციის სფეროების, კულტურისა და რელიგიის თანაარსებობასთან დაკავშირებით, რაც სრულად უნდა იქნას გაგებული და გათვალისწინებული. ესაა ზეეროვნული ან რეგიონალური ერთობების ჩამოყალიბება. ამჟამად მსოფლიოში არსებობს მრავალი ამგვარი ერთობა, ინტეგრაციის სხვადასხვაგვარი მახასიათებლებითა და ხარისხით. მჯერა ამგვარი მიდგომისა, მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზმები, რომლებიც განლაგებული არიან ეროვნულ სახელმწიფოებსა და მსოფლიო საზოგადოებას შორის, ორგანიზმები, რომლებიც შეიძლება იქცნენ გლობალური კავშირისა და თანამშრომლობა-კოოპერაციის არსებით საშუალებად. მიმაჩნია, რომ ინტეგრაციის ამ ტენდენციას სამყაროში, სადაც - როგორც უკვე ვთქვი - ყოველი მინდორი მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, მაქსიმალური შესაძლო დახმარება უნდა გაეწიოს.
ამასთან, ინტეგრაცია თვითმიზნად არ უნდა იქცეს. ის უნდა გავიაზროთ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ რეგიონს, თითოეულ ქვეყანას, სხვებთან თანამშრომლობისა და კოოპერაციის საშუალებას მისცემს, ესე იგი, ხელს შეუწყობს გეოგრაფიულად, ეთნიკურად, კულტურულად და ეკონომიკურად ახლო ქვეყნებსა და ხალხებს, შექმნან ასოციაციები, გააუმჯობესონ ურთიერთობა ერთმანეთთან და დანარჩენ სამყაროსთან. ამავე დროს, ამ რეგიონალურ ერთობებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ სხვა მსგავსი ერთობები შეიძლება მათ მიმართ მტრულად განეწყონ. რეგიონალური ჯგუფები, რომელთაც აქვთ საერთო ტრადიციები და საერთო პოლიტიკური კულტურა, უნდა იქცნენ მსოფლიოს რთული პოლიტიკური არქიტექტურის ნაწილად. ამგვარ რეგიონებს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ბუნებრივი შემადგენელი თანამშრომლობა-კოოპერაციისა მსოფლიო მასშტაბით. თუკი ნატოს გაფართოებასა და მასში იმ ქვეყნების გაერთიანებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ თავს რეგიონის კულტურულ და პოლიტიკურ ნაწილებად მიიჩნევენ,  შეიქმნება ალიანსი რუსეთისგან მოსალოდნელი საშიშროებისგან მათ დასაცავად (მაგალითად, ანტირუსული ღონისძიებებით), ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ რუსეთი არ ითვალისწინებს ეპოქის მოთხოვნებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა გაერო. მისი შექმნის ორმოცდაათი წლისთავი გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ უნდა გამოვაცოცხლოთ ის ახალი კულტურის, ახალი ძალისა და ახალი საზრისის მეშვეობით, ვაქციოთ უმნიშვნელოვანეს არენად იმ კულტურათა თანამშრომლობისთვის, რომლებიც შეადგენენ ჩვენს პლანეტარულ ცივილიზაციას.
მაგრამ სამყაროს არ გადაარჩენს არც რეგიონალური სტრუქტურების და არც გაეროს განმტკიცება, თუკი ორივე პროცესი არ იქნება შთაგონებული სულიერი მუხტით, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი იმედია იმისა, რომ კაცობრიობა იარსებებს მეორე ათასწლეულშიც.
აქ ვისაუბრე იმაზე, რაც, ჩემი აზრით, უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ძალა, რომელიც ასეთსავე - ან მეტსაც კი - ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცნობიერებაზე, ვიდრე - პოლიტიკოსები. 
ეს ძალა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. 
მხოლოდ მაშინ, როდესაც მაღალი პოლიტიკის სფეროში მოვხვდი, სრულად გავაცნობიერე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ორმხრივ საშიში ძალა. მათი ორმაგი ზემოქმედება დამახასიათებელი არაა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. ესაა მხოლოდ ნაწილი, ან გამოხატულება თანამედროვე ცივილიზაციის ორმაგი არსისა, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკე.
ტელევიზიის წყალობით მთელმა სამყარომ იხილა, რომ არის ქვეყანა, სახელწოდებით რუანდა, სადაც ადამიანები ეწამებიან რწმენის გამო. ტელევიზიის მეშვეობით შესაძლებელია, ცოტათი მაინც დავეხმაროთ ტანჯულებს. ტელევიზიის წყალობით მთელი სამყარო შეძრა იმან, რაც მოხდა ოკლაჰომა-სითიში და, ამავე დროს, ეს მოვლენა აღქმულ იქნა, როგორც გაფრთხილება ყველასთვის. ტელევიზიის წყალობით ყველამ იცის, რომ არსებობს ქვეყნები - ბოსნია და ჰერცეგოვინა, და რომ საერთაშორისო საზოგადოება წარუმატებლად ცდილობს მათ დაყოფას გროტესკულ მინისახელმწიფოებად იმ სამხედრო პირთა სურვილის შესაბამისად, რომლებიც არც ერთი მათგანის კანონიერი წარმომადგენლები არ არიან.
ესაა თანამედროვე მასმედიის შესანიშნავი მხარე, ან, უფრო ზუსტად, იმათი, ვინც ინფორმაციას აგროვებს. კაცობრიობა ემადლიერება გაბედულ ჟურნალისტებს, რომლებიც ნებაყოფლობით საფრთხეში იგდებენ საკუთარ სიცოცხლეს იქ, სადაც ხდება უბედურებები, რათა გააღვიძონ კაცობრიობის სინდისი.
ამასთან, არსებობს ტელევიზიის მეორე, უარყოფითი ასპექტი. ტელერეპორტიორები თითქოს ტკბებიან სამყაროში მიმდინარე საზარელი ამბებით ან, რაც უპატიებელია, მათ ჩვეულებრივ მოვლენებად წარმოგვიდგენენ. ტელევიზია პოლიტიკოსებს, პირველ ყოვლისა, ტელევარსკვლავებად წარმოგვიდგენს. მაგრამ სად დაწერილა, რომ ის, ვინც ტელევიზიით გვეკეკლუცება, აუცილებლად კარგი პოლიტიკოსიცაა? ყოველთვის მიკვირდა, რაოდენ დიდი ზეგავლენა აქვთ ჩემზე ტელევიზიის დირექტორებსა და რედაქტორებს, რომ ჩემი იმიჯი გაცილებით მეტადაა დამოკიდებული მათზე, ვიდრე ჩემზე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გავიღიმებ თუ არა ტელეგადაცემაში, ან როგორ შევარჩევ ჰალსტუხს; ტელევიზია მაიძულებს გამოვხატო ჩემი აზრები რაც შეიძლება უფრო გონებამახვილურად, ლოზუნგებით ან შორისდებულებით. შესაძლოა, ჩემი ტელეგამოსახულება ისე შეცვალონ, რომ ჩემს თავს არ ვგავდე. ყოველივე ეს მაოცებს და, ამავ დროს, ვშიშობ, რომ კეთილ მიზნებს არ ემსახურება. ვიცნობ პოლიტიკოსებს,  რომლებიც თავიანთ თავს ისე აღიქვამენ, როგორც ეს ტელეკამერით ხდება. ტელევიზიამ შეისრუტა მათი პიროვნებები და ერთგვარ ტელეაჩრდილებად აქცია. ზოგჯერ ვფიქრობ, ძილის დროსაც იმაზე ხომ არ ფიქრობენ, რომ ტელეკამერის წინ მომგებიანად გამოიყურებოდნენ.
ტელევიზია ან პრესა არ აღმაშფოთებს იმის გამო, რომ ისინი ამახინჯებენ ან კვეცენ ჩემს ნათქვამს, ან როდესაც რედაქტირების გზით ტელეეკრანზე ურჩხულს მამსგავსებენ. არ მაღიზიანებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როდესაც ვრწმუნდები, რომ პოლიტიკური მოღვაწის აღზევება ან დაცემა ხშირად უფრო მეტად მათზეა დამოკიდებული, ვიდრე დაინტერესებულ მხარეთა პოლიტიკაზე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელნიც განკარგავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის გამო. ისევე, როგორც ატომის გახლეჩამ შეიძლება უდიდესი სარგებლობა მოუტანოს კაცობრიობას, და, იმავდროულად, საფრთხე შეუქმნას მის არსებობას, ასევე, ტელევიზიას შეიძლება ჰქონდეს სასიკეთო ან არასასიკეთო შედეგები. მას შეუძლია, სწრაფად, შთამბეჭდავად და არნახული ძალით დანერგოს ურთიერთგაგების, ჰუმანურობის, სოლიდარობისა და სულიერების სულისკვეთება, ან  კიდევ - თავზარი დასცეს მთელ ხალხებსა და კონტინენტებს. ისევე, როგორც ატომური ენერგიის გამოყენება დამოკიდებულია პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ტელევიზიის ძალაუფლების მართებული გამოყენებაც დამოკიდებული ჩვენს პასუხისმგებლობის გრძნობაზე.
საკითხს, გადაურჩება თუ არა ჩვენი სამყარო მის წინაშე წამოჭრილ საშიშროებებს, განსაზღვრავს, პირველ რიგში, ის, გააცნობიერებენ თუ არა ადამიანები თავიანთ გრძნობებს, შეიგნებენ თუ არა თავიანთი პასუხისმგებლობის ხარისხს და ახლებურად აღიქვამენ თუ არა თვით ყოფიერების სასწაულს. სამყაროს ბედი თითოეული ჩვენგანის ხელთაა. და მაინც, ზოგიერთს მეტი ზეგავლენა აქვს მის ბედზე, ვიდრე - დანარჩენებს. რაც უფრო დიდია ადამიანის გავლენიანობა -  იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ტელედიქტორი - მით მეტი მოთხოვნები წაეყენება მის პასუხისმგებლობის გრძნობას და მით ნაკლებად უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები.
ბოლოს, ნება მომეცით, გამოვთქვა მცირეოდენი შენიშვნა. პრაღაში დავიბადე და იქ ვცხოვრობდი ათწლეულების განმავლობაში, ისე, რომ უფლება არ მქონდა, ფართო განათლება მიმეღო ან მომენახულებინა სხვა ქვეყნები. მიუხედავად ამისა, დედაჩემს არასოდეს უთქვამს უარი თავის ერთ-ერთ ფარულ და საკმაოდ ექსტრავაგანტურ ოცნებაზე: რომ მე ჰარვარდში ვისწავლიდი. ბედმა წილად არ მარგუნა, ხორცი შემესხა მისი ოცნებისთვის, მაგრამ მოხდა სხვა რამ, რაც დედაჩემს არც კი დასიზმრებია: დოქტორის ხარისხი მივიღე ჰარვარდში, ისე, რომ აქ არასოდეს მისწავლია.
მეტსაც ვიტყვი: საშუალება მომეცა, მენახა სინგაპური და უამრავი სხვა ეგზოტიკური ქვეყანა. დავრწმუნდი, რაოდენ პატარაა ჩვენი სამყარო და რამდენი უბედურება სუფევს მასში, რასაც თავიდან ავიცილებთ, თუკი ადამიანები გამოიჩენენ უფრო მეტ მხნეობას, განიმტკიცებენ იმედებს, იგრძნობენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მეტი ურთიერთგაგებითა და სიყვარულით მოექცევიან ერთმანეთს.
არ ვიცი, მიყურებს თუ არა დედაჩემი ზეციდან, მაგრამ თუ მხედავს, ალბათ, ფიქრობს, რომ ცხვირს ვყოფ იმ საქმეებში, რომლებშიც ცხვირი უნდა ჩაყონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც პოლიტოლოგია ჰარვარდში შეისწავლეს.
ვიმედოვნებ, თქვენ ასე არ ფიქრობთ!
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
 
პირველად დაიბეჭდა "ცხელი შოკოლადის" 91- ნომერში, 2013, ივნისი