ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” [PISA] შედეგების
თანახმად, საქართველო, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და
მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე
დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.
კვლევა, რომელიც მსოფლიოს განვითარებული (მაგ, აშშ., დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია) და განვითარებადი ეკონომიკის (აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კატარი) მქონე 75 ქვეყანაში ჩატარდა, 2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება და მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერებებში უნარებს აფასებს. თავად კვლევის კოორდინატორი ორგანიზაციაც და კვლევაც მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოში. ბოლო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 1 377 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველომ ამ კვლევაში პირველად 2010 წელს მიიღო მონაწილეობა და შედეგები 16 დეკემბერს კოორდინატორი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში კვლევას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორცილებს.
ამ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების მოკლე ანოტაციიდან:
- საქართველოს მოსწავლეების კითხვის უნარების საშუალო ქულა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების (ძირითადად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები) საშუალოს. საქართველოს საშუალო ქულა იგივეა, რაც კატარის, პერუს და პანამის. მოსწავლეების მხოლოდ 38% აღმოაჩნდათ პროდუქტიული და ეფექტური მოღვაწეობისთვის საჭირო მინიმუმი ან მაღალი კითხვის უნარები. მოსწავლეების უდიდეს ნაწილს მინიმუმზე დაბალი მაჩვენებლები აქვს. შედარებისთვის, ესტონეთის საშუალო შედეგი 501, თურქეთში - 464, ყაზახეთისთვის 390, აზერბაიჯანში - 362, საქართველოსთვის კი - 374 ქულაა. 74 ქვეყანას შორის საქართველო 67-ე ადგილზეა.
- ასევე, “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” კვლევაში საშუალოზე დაბალია საქართველოს მაჩვენებლები მათემატიკაშიც (მათემატიკურ წიგნიერებაში). ანგარიშის თანახმად, მოსწავლეების მხოლოდ 31% აღმოაჩნდა მათი მომავალი განვითარებისთვის საჭირო აუცილებელი უნარები. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ქვეყნებისთვის საშუალოდ 75%. მათემატიკურ წიგნიერებაში მიღებული შედები ესტონეთში საშუალო ქულა 512, თურქეთი - 445, აზერბაიჯანი - 431, ყაზახეთში - 405, საქართველოში კი - 379. 74 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველო 65-ე ადგილზეა.
- ასევე დაბალია შედეგები მეცნიერებებში. საქართველოს საშუალო ქულა - 373 ქულაა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის - 501, ესტონეთისთვის - 528, თურქეთისთვის - 454, ყაზახეთისთვის - 400, აზერბაიჯანისთვის - 373. საქართველოში მოსწავლეების 34% აღწევს იმ ზღვარს, რომელზეც ითვლება, რომ მოზარდი იწყებს ისეთი კომპეტენციების დემონსრირებას მეცნიერებებში, რომლებიც მას მეცნიერებებსა და ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შესაძლოებას აძლევს. აქ საქართველო 70-ე ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მონაცემებში გოგონების შედეგები მეცნიერებებსა და კითხვის უნარებში ბიჭების შედეგებზე მაღალია.
წყარო: netgazeti.ge
დაწვრილებით შეფასების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://mypisa.acer.edu.au/
No comments:
Post a Comment